1 აპრილიდან ბაზარზე თამბაქოს ნაწარმი მხოლოდ სადა, სტანდარტული შეფუთვით განთავსდება. მასზე ბრენდის, ლოგოს, ფერის, სასაქონლო ნიშნის ან ბრენდთან დაკავშირებული ვიზუალური ელემენტების გამოყენება დაუშვებელია და თამბაქოს რეალიცაზია მხოლოდ სადა შეფუთვით განხორციელდება.
ყველა ბრენდს ექნება ერთიანი, სტანდარტული ფერის შეფუთვა, რომელზედაც მითითებული იქნება მხოლოდ ბრენდის და პროდუქტის დასახელება ქართულ და ინგლისურ ენებზე, სტანდარტული ზომის და ფერის შრიფტით, სამედიცინო გაფრთხილებების და სხვა აუცილებელი ინფორმაციის თანხლებით.
თამბაქოს ინდუსტრიამ უკვე დაიწყო პროდუქციის სტანდარტული შეფუთვით წარმოება, თუმცა ბიზნესის ნაწილი იმ შესაძლო რისკებზე მიუთითებს, რაც სადა შეფუთვაზე გადასვლას უკავშირდება.
„ჩვენ 2025 წლის თებერვლიდან უკვე ვაწარმოებთ პროდუქციას სტანდარტიზებული შეფუთვით. ჩვენს კომპანიას ბაზარზე 30 დასახელების სიგარეტი აქვს, რა თქმა უნდა ახალ სტანდარტზე გადასვლა ხარჯიანი იყო. წარმოება მთლიანად გადავაწყვეთ და მხოლოდ სტანდარტიზებული შეფუთვით იწარმოება სიგარეტი საქართველოსთვის.
როცა ბაზარი მთლიანად გადავა სადა შეფუთვაზე, რა თქმა უნდა გამარტივდება ყალბი კონტრაფაქციული პროდუქციის დამზადება, რადგან ყველა შეფუთვა იქნება ერთნაირი. ეს აზარალებს არამხოლოდ თამბაქოს ბიზნესს, არამედ სახელმწიფოსაც, ვინაიდან თუ ლეგალურმა კომპანიებმა ვერ მოახერხეს ლეგალური პროდუქციის რეალიზება, ის შეიძლება ჩანაცვლდეს ყალბი პროდუქციით, სახელმწიფო კი ვერ მიიღებს შემოსავალს, რადგან კონტრაფაქციულ პროდუქციაზე არც აქციზი, არც დღგ არ გადაიხდება.
ორივე მხარე ერთ ნავში ვართ, რადგან ჩვენ დაინტერესებული ვართ ვაწარმოოთ და ბაზარზე მოვახდინოთ ლეგალური პროდუქციის რეალიზება, სახელმწიფო კი დაინტერესებულია აქედან მიიღოს შემოსავალი“, – აცხადებს ალექსანდრე ავაზაშვილი, JTI-ს კორპორაციული ურთიერთობებისა და კომუნიკაციების დირექტორი.
ბაზარზე სტანდარტული, სადა შეფუთვის გარეშე პროდუქციის განთავსების შემთხვევაში ჯარიმები საკმაოდ სოლიდურია და 5000 ლარის ოდენობით სანქციას და თამბაქოს ნაწარმის კონფისკაციას ითვალისწინებს.
