კომუნიკაციების კომისიის ცნობით, “ტელეიმედი” ეთერში თამბაქოს ნაწარმის კანონდარღვევით დემონსტრირებისთვის წერილობით გააფრთხილეს. კომუნიკაციების კომისიაში შემოსული წერილის საფუძველზე, ComCom-მა “ტელეიმედის” მონიტორინგი განახორციელა, რომლის შედეგად, მაუწყებლის გადაცემაში “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევა გამოვლინდა.
კერძოდ, 2023 წლის 18 სექტემბერს, “ტელეიმედის” ეთერში გავიდა გადაცემა, რომლის ფარგლებში განხორციელდა თამბაქოს ნაწარმის დემონსტრირება, რაც მის რეკლამირებას გულისხმობს. ამდენად, მაუწყებლის მიერ დარღვეულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რომლის თანახმად, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ყველა სახის რეკლამა.
კომუნიკაციების კომისია ამტკიცებს, რომ ტელეკომპანია “ტელეიმედის” მხრიდან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და სწორედ ამიტომ შემოიფარგლნენ მხოლოდ წერილობითი გაფრთხილებით.