თამბაქოს კონტროლის კანონის ამოქმედებიდან 7 წელი გავიდა

დღეს, 1 მაისს, ზუსტად 7 წელი შესრულდა თამბაქოს შესახებ კანონის ამოქმედებიდან. სპეციალისტების თქმით, კანონი საქართველოში მაღალი ეფექტიანი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ: 2017 წლის 17 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ.
კანონის აღსრულება 2018 წლის პირველ მაისს დაიწყო. შედეგად, თამბაქოს მოხმარება აიკრძალა სკვერებსა და პარკებში, დაწესებულებებში, კაფეებსა და რესტორნებში. მოგვიანებით აკრძალვა გავრცელდა სტადიონებსა და ტაქსებში.
მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან კი ქვეყანაში თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია და განლაგება დასაშვები გახდა მხოლოდ სტანდარტიზებული (სადა) შეფუთვით.
თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვა გულისხმობს თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე სარეკლამო და მარკეტინგული მახასიათებლების შეზღუდვას; მოითხოვს თამბაქოს ნაწარმის შეფუთვა იყოს სადა, არამიმზიდველი, სტანდარტული ზომის, ფორმისა და მასალის, მთავრობის მიერ დადგენილი ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. რეგულაციის მიზანია, თამბაქოს პროდუქტებს მიმზიდველობა დაეკარგოს, განსაკუთრებით – ახალგაზრდებში.
რეფორმის ყველაზე მასშტაბური შედეგია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, დახურული სივრცის თამბაქოს კვამლისგან გათავისუფლება.
თამბაქოს კონტროლის ალიანსის შეფასებით, სამასპინძლო დაწესებულებებში თამბაქოს კვამლის გაქრობის პირდაპირპროპორციულად იმატა სტუმრებმა და არ გამართლდა თამბაქოს ინდუსტრიის მომხრე ექსპერტების პროგნოზები, რომ დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვა ბიზნესს დააზარალებდა.
“არც თამბაქოს ნაწარმის გარე რეკლამის აკრძალვამ დაასამარა სარეკლამო ბიზნესი, ბილბორდები სხვა ბიზნესის რეკლამამ ჩაანაცვლა,“ – აცხადებენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში. ამასთან, მათივე შეფასებით, რამდენადაც თამბაქოს კონტროლის რეფორმები შედეგიანია, იმდენად აქტიურობს თამბაქოს ინდუსტრია პოზიციების აღდგენის, შენარჩუნების, ბაზარზე ახალი სეგმენტის შექმნის და გამრავლების მიზნით.
„თამბაქოს მწარმოებლები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით აცხადებენ, რომ სიგარეტი მართლაც კლავს და თუ მოწევა გსურთ, ელექტრონულ და გასახურებელ სიგარეტს მიეძალეთო, რომელიც მათი თქმით, მოწევის ჯანსაღი ალტერნატივაა. მოწევის ერთადერთი ჯანსაღი ალტერნატივა კი, თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის მოხმარებაზე სრულად უარის თქმაა, რისთვისაც სახელმწიფო სხვადასხვა სერვისებსა და პროგრამებს სთავაზობს მოწევაზე თავის დანებების მსურველთ“, – აცხადებენ ალიანსში.