“თამაშს არავინ არ შეეშვება, მაგის ილუზია ნურავის ექნება” – სათამაშო ბიზნესის ასოციაცია

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი მამულაიშვილის სახელმწიფომ უნდა გაითავისოს ის ფაქტი, რომ აზარტული თამაშები ლეგალური ბიზნესია.
„თამაშს არავინ არ შეეშვება, მაგის ილუზია ნურავის ექნება“ – თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას.
გიორგი მამულაიშვილის შეფასებით, „ლეგალური სათამაშო ბიზნესის შეზღუდვა დიდი შეცდომა და პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო“.
მისივე ინფორმაციით, 2022 წელთან შედარებით ლეგალურ სათამაშო ბიზნესში მომხმარებლების რაოდენობა, დაახლოებით, 18%-ით არის შემცირებული, მაგრამ ირწმუნება, რომ მოქალაქეები, რომელთაც შეზღუდვა შეეხოთ, არალეგალურად თამაშობენ.
“არ შეიძლება აკრძალო რეკლამა, ლეგალურ ოპერატორებს გაუზარდო გადასახადები და და ხელი შეუწყო არალეგალური ოპერატორების განვითარებას… ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს მსოფლიო მასშტაბით, როცა დაწესდა შეზღუდვები სათამაშო ბიზნესში, მაგრამ უკურეაქცია გამოიწვია. {საქართველოს} სახელმწიფომ საკმაოდ დიდი შეზღუდვა დაუშვა, როდესაც შემოიღო შეზღუდვები და რეგულაციები გაამკაცრა, რადგან ის ხალხი, ვინც სერვისებს ლეგალურ ოპერატორთან იღებდა, არალეგალურ ოპერატორებთან გადაერთვნენ“, – აცხადებს გიორგი მამულაიშვილი.
ამასთან, „წერტილთან“ ინტერვიუში გიორგი მამულაიშვილმა სათამაშო ბიზნესში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად გადასახადების ზრდისა, რის შედეგადაც მხოლოდ წელს 8 ობიექტი დაიხურა, აზარტული თამაშების ინდუსტრიისთვის 2024 წლის ფინანსური მაჩვენებლები პოზიტიურია.
მისივე პროგნოზით, თუ ინდუსტრიამ შარშან სახელმწიფო ბიუჯეტში ჯამურად 700 მლნ ლარზე მეტი შეიტანა, წელს ეს მაჩვენებელი ბევრად მეტი იქნება, მაგრამ კონკრეტული რიცხვის დასახელებისგან თავი შეიკავა.
„რვა თვის სტატისტიკით საკმაოდ კარგი ზრდა არის, რაც გამოწვეულია კონკრეტულად იმით, რომ ჩვენმა ოპერატორებმა ახალი ტექნოლოგიების შემოღებით და სწორი მენეჯმენტით შეძლეს იმ მომხმარებლების ნდობა გამოეწვიათ, ვინც გადასახადების ზრდის და შეზღუდვების გამო, გადაწყვიტა, სერვისები უცხოურ ბაზრებზე მიეღო“, – აღნიშნა გიორგი მამულაიშვილმა.
ცნობისთვის: აზარტული თამაშების სექტორი სალიცენზიო გადასახადების გარდა კიდევ რამდენიმე გადასახადს იხდის, ესენია ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადი, რასაც ისინი მოგებულ თანხაზე იხდიან. 2024 წლის 1 იანვრიდან ეს მოსაკრებელი 2%-დან 5%-მდე გაიზარდა, ხოლო ონლაინ-კაზინოების მოგების გადასახადი მათი GGR-ის (მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობა) 15%-მდე გაიზარდა, რაც 2023 წელს 10%-ს შეადგენდა. აღნიშნული გადასახადები დეტალიზებული სახით ბიუჯეტის ანგარიშში წარმოდგენილი არაა, შესაბამისად უცნობია რა მოცულობის მთლიანი გადასახადები შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში აზარტული თამაშების სექტორიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჩვენ მივიღებთ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იქნება ფლაგმანი არამხოლოდ საქართველოში არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით“ – მიხეილ სარჯველაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოზე