„თამაშდამოკიდებულმა პირმა სხვისგან, 50 ლარად, იყიდა პირადობა, ამ პირადობით მან ითამაშა, რაც ჩვეულებრივი კრიმინალია“, – ამის შესახებ “დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ” პრეზიდენტი თამარ ჯაფარიძე რადიოგადაცემაში „თქვენი დრო“ აცხადებს.
ჯაფარიძემ ისაუბრა იმ დარღვევებზე, რასაც სამორინეები თამაშდამოკიდებული ადამიანების მიმართ ჩადიან, მიუხედავად იმისა, რომ კანონით ეს აკრძალულია.
„ფინანსთა სამინისტროდან გაჟღერდა, რომ დღეს საქართველოში 900 ათასი მოქალაქე, როგორც მოთამაშე რეგისტრირდება. ამ 900 ათასი მოქალაქიდან შემოსავლების სამსახურში კანონით გათვალისწინებული თვითგანრიდების სიაში 13 ათასზე ცოტა მეტი მოქალაქეა მოხვედრილი, ხოლო სასამართლოს წესით 60 ათასი პირი“, – განაცხადა თამარ ჯაფარიძემ.
რაც შეეხება კანონის აღსრულებას, ჯაფარიძის თქმით, „ძალიან ცუდია“.
„კანონის აღსრულება თვითონ სათამაშო ბიზნეს შემოსავლების სამსახურთან ერთად დაევალა. კანონში იგულისხმება, რომ სათამაშო ბიზნესი უნდა იყოს კეთილსინდისიერი. პიროვნება ადგილზე მივა, თუ ონლაინ გადაწყვეტს თამაშს, დაწესებულებამ შემოსავლების სამსახურში უნდა გადაამოწმოს პიროვნების მონაცემები, უკრძალავს თუ არა სახელმწიფო აზარტულ-მომგებიან თამაშების თამაშს, მას კი სამორინეები არ ასრულებენ.
კანონში გაწერილი ყველა პუნქტი და მუხლი დარღვეულია, თუნდაც გარე რეკლამებთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ 10 კვ.მ-ზე უნდა იყოს სარეკლამო ბანერი განთავსებული, ჩვენთან კი 100კვ.მ-ზეა და ბრდღვიალებს. ნებისმიერ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ კანონი დარღვეულია.
სხვისი პირადობებით რომ რეგისტრირდებიან, ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს მივაწოდეთ, თამაშ დამოკიდებულმა პირმა სხვისგან, 50 ლარად, იყიდა პირადობა, ამ პირადობით მან ითამაშა, რაც ჩვეულებრივი კრიმინალია.
ჩვენ ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სამორინეში სათამაშოდ დაუშვეს პიროვნება, რომელიც თვითგანრიდების სიაშია მოხვედრილი. ჩვენ ამაზეც გვქონდა რეაგირება და შემოსავლების სამსახურმა დააჯარიმა ეს დაწესებულებები. თუმცა ეს ჯარიმა ძალიან პატარაა – პირველ ეტაპზე 10 ათასი ლარია და მეორე ეტაპზე 20 ათასი.
იყო კიდევ შემთხვევა, როდესაც პიროვნებამ მოგებული თანხა ვერ აიღო, უთხრეს, რომ აპარატი იყო დაზიანებული. კანონში ესეც წერია, რომ პიროვნება, რომელსაც შეუძლია ითამაშოს, სათამაშო ორგანიზაცია ვალდებულია მოგებული თანხა გასცეს, მაგრამ ესეც ირღვევა. კანონი არსებობს, მაგრამ, აღსრულების მექანიზმი ძალიან ცუდია“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
წყარო: bpn.ge
