თამარ ჩხეიძე: საერთაშორისო დამნაშავეს ხალიჩებით და აპლოდისმენტებით ხვდებიან, სხვის სახლში შეჭრილ სერიულ მკვლელს ევედრებიან, ოღონდ ხალხს ნუღარ კლავ, მხოლოდ ცეცხლი შეწყვიტე და იქ დარჩი სადაც ხარ…

პოლიტიკოსი თამარ ჩხეიძე:
ძალიან მძიმე საყურებელი და მოსასმენია ის არაადეკვატური მოვლენა, რასაც მსოფლიომ ალიასკაში ადევნა თვალი:_ საერთაშორისო დამნაშავეს ხალიჩებით და აპლოდისმენტებით ხვდებიან, სხვის სახლში შეჭრილ სერიულ მკვლელს ევედრებიან, ოღონდ ხალხს ნუღარ კლავ, მხოლოდ ცეცხლი შეწყვიტე და იქ დარჩი სადაც ხარ, კიდევ სხვა მრავალ საჩუქარსაც მიიღებო და მიუხედავად იმისა, რომ ბოროტმოქმედი ამაზეც არ თანხმდება, ის არამხოლოდ დიდი ხნის შეპირებულ სანქციებს არ იღებს, მას აქებენ კიდეც! რაც მთავარია საერთაშორისო ბოროტმოქედის ლეგალიზაცია-რეაბიილიტაცია ხდება.
ამ დროს ნამდვილი მშვიდობის მიღწევას ველოსიპედის გამოგონება არ სჭირება. ამისთვის მხოლოდ უკრაინისთვის სათანადო შეიარაღების საკმარისი და დროული მიწოდება და ეფექტური სანქციებია აუცილებელი.
დანარჩენს მთელი დემოკრატიული სამყაროს და ყოველივე ჩვენგანის მაგივრადაც გმირი უკრაინელი ხალხი აკეთებს!
თუმცა ისიც კარგია, რომ ევროპისა და ზელენსკის პროფილაქტიკური სამუშაოების (რა თქმა უნდა თავად ამერიკელების უდიდესი ნაწილის) დამსახურებით რამე უკრაინისთვის თავსმოსახვევ კაპიტულანტურ პირობებს ვერ მოაწერეს ხელი და დიდი იმედია, რომ დაგვიანებით, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ამერიკა მისთვის შესაბამის მოვალეობას შეასრულებს.