„ყველა დიდი ადამიანის ცხოვრება ჯვარცმაზე გადის,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და წითელი პარასკევის მნიშვნელობაზე, კაცობრიობის არსებობის მანძილზე პატიებისა და ღალატის, აღიარებისა და დევნის შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, მძიმეა ეს დღე მორწმუნეებისთვის, რადგან ამ დღეს ქრისტე ჯვარს აცვეს, თუმცა, ქრისტე აღდგა და ამაღლდა, მაგრამ კაცობრიობას საუკუნეების განმავლობაში ესმის ეს სიტყვები – „ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი”.
„დღეს ჯვარცმაა, უმძიმესი დღე ქრისტიანულ ცხოვრებაში. ქრისტე, რომელიც კაცობრიობის ცოდვების გამოსასყიდლად მოვიდა, სწორედ ამ ხალხმა ჯვარს აცვა. მაცხოვარს, რომელსაც პალმის რტოებს უფენდნენ ფეხქვეშ იერუსალიმში შესვლისას, სულ რამდენიმე დღეში თავზე ეკლის გვირგვინი დაადგეს, დიდი ლურსმნებით ძელზე მიაჭედეს და სისხლისგან დაცალეს. ხალხი, რომელიც მადლობას უხდიდა ქრისტეს სნეულთა განკურნებისთვის, „ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი”-ის გაიძახოდა. მძიმეა ეს დღე, ძალიან მძიმე… ქრისტე აღდგა და ამაღლდა. კაცობრიობას კი, მთელი 20 საუკუნე მუდმივად ესმის ეს სიტყვები – „ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი”… რატომ? რისთვის? ეს არავის აინტერესებს… ყველა დიდი ადამიანის ცხოვრება ჯვარცმაზე გადის. განა ილია ისევ საკუთარმა ხალხმა არ მოკლა? განა კირიონი ისევ ქართველებმა არ გამოასალმეს სიცოცხლეს და შემდეგ თვითმკვლელობა დააბრალეს…
განა მიხეილ ჯავახიშვილი, სანდრო ახმეტელი და ბევრი კორიფე ისევ საკუთარმა ხალხმა არ გაწირა? განა რობერტ სტურუა „რიჩარდ მეორის” გამო ჯვარს არ აცვეს? შემდეგ კი ეს სპექტაკლი თავად ამ ხალხმა შედევრად აღიარა. განა ზვიად გამსახურდიას ცხოვრება არ იყო გზა ხალხის დიდებიდან ჯვარცმამდე? მახსოვს, ხელში აყვანილი სტადიონზე რომ შეიყვანეს და მალევე ტყვიებს ესროდნენ რუსთაველზე, მოკლეს და მასაც თვითმკვლელობა დააბრალეს… განა ჩვენს ღვაწლმოსილ პატრიარქს არ დასწამეს ენით აუღწერელი ცოდვები? პატრიარქის დაკრძალვის რიგში ხალხი საათობით იდგა, მაგრამ მის დანაბარებს ცოტა თუ ასრულებს -„გწამდეთ და გიყვარდეთ!”. სამყარო მეორედ მოსვლის მოლოდინშია. ითვლიან, მსჯელობენ, ვინ ჰგავს ანტიქრისტეს და ვინ რას მოიმოქმედებს, მაგრამ არავინ ფიქრობს საკუთარ ქმედებაზე. განა მეორედ მოსვლის ჟამს თითოელი ჩვენგანი არ განვიკითხებით? დღევანდელი დღე არამარტო ქრისტეს ჯვარცმას, არამედ, ადამიანებისგან ჯვარცმულ პიროვნებებს გვახსენებს და ისიც არ ვიცით, დამთავრდება კი ეს ოდესმე? ალბათ არასდროს! დავით გურამიშვილი ტყვედ ჩავარდა და სამშობლოდან შორს, იძულებით ცხოვრობდა, თორემ ალბათ მასაც ჯვარს აცვამდნენ მისი უკვდავი სიტყვებისთვის -„დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო”, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.