“ნაციონალური მოძრაობის” დაბნეულ ფორმალურ თავმჯდომარეს ვპასუხობ: რვიანი არ არის არც პლატფორმა, არც გაერთიანება. რვიანში ვართ პარტიები, ვინც ვთანამშრომლობთ ოქტომბრის ფარსის ბოიკოტში. ამიტომ გაუგებარია, თუ არჩევნებში არ შედიან, რვიანი როგორ უნდა დაშალონ, – ასე ეხმაურება “ფედერალისტების” ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომელიც რვა პარტიის ფორმატში მყოფ პარტიებს მიმართავს, თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ.
მისი თქმით, გაუგებარია ეს მუქარა რას ემსახურება.
“ამას გარდა, რვიანში შემავალ ყველა პარტიას ერთმანეთთან გვაქვს არაერთი განსხვავება. მაგალითად, ჩვენ, “ფედერალისტებს” და ჩვენს მხარდამჭერებს მორალურად და სისტემურად ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც პიროვნების კულტს ჩამოკიდებული, ანემიური, არადემოკრატიული პარტია, სადაც არცერთ პოლიტიკოსს არ გააჩნია წონა და ყველა ნულია, სააკაშვილის გარეშე. ჩვენ გვინდა, რომ ასეთმა პარტიებმა აღარ იარსებონ. მაგრამ იმის გამო, რომ ეროვნული ინტერესები ჩვენგან ერთობას ითხოვს, სადაც ეს შესაძლებელია, დიდ კომპრომისზე ვართ წასული არა მხოლოდ საკუთარ თავთან და პარტიასთან, არამედ ჩვენს მხარდამჭერებთანაც და ვმუშაობთ ისეთ პარტიებთანაც, რომელიც მორალურად და პრინციპულად ჩვენთან შეუთავსებელია (თუმცა არიან ისეთები, ვისთანაც კარგად გამოგვდის).
ცხადია, გრძლად არ გამოვეხმაურები იმ სიყალბეს, რაც თიკა ბოკუჩავას კედელზე წავიკითხე – მას თავისი გასჭირვებია და საკუთარ პარტიაში პოზიციების გამაგრებას ცდილობს ახლა, ამ ყალბი მაიმუნობით (მართლა მეცოდება, ისეთ დღეშია).
მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ “ნაციონალური მოძრაობის” საქციელი – ერთი მხრივ თიკა ბოკუჩავას რვიანში ყოფნა, ხოლო მეორე მხრივ ხაბეიშვილის ფლანგის გამუდმებული თავდასხმა რვიანზე, ისედაც შეუძლებელს ხდიდა “ნაციონალურ მოძრაობასთან” მუშაობას.
ამდენად, გაუგებარია ეს მუქარა რას ემსახურება -“ნაცმოძრაობა” დე ფაქტო ისედაც გასული იყო რვიანიდან (მაგალითად, საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა ბათუმის მარშში ვინაიდან ბათუმის ორგანიზაცია ბოკუჩავას არ ემორჩილება). “ნაცმოძრაობა” ყველა წარმატებული ღონისძიების შემდეგ, შარზე იყო და წიხლებს იქნევდა.
ამ ყველაფერზე არ ვყვიროდით იმიტომ, რომ საერთო ამოცანა არ დაგვეზიანებინა 4 ოქტომბრამდე, თორემ გაუგებარია ვინ საიდან უნდა გაირიცხოს, ან გამოირიცხოს? როგორ და ვინ უნდა გამრიცხოს იქიდან, სადაც არ ჩავრიცხულვარ? რა საქმესაც ვაკეთებ, იმ საქმის კეთებიდან ვინმემ როგორ უნდა გამრიცხოს? ეგ რომ შესაძლებელი ყოფილიყო, ახლა ჩემთვის წიხლების ქნევაც ხომ არ მოგიწევდათ?
არაფერს ვიტყვი იმაზე, რა უბადრუკად ცდილობენ ჩემი შეცდომის გამოყენებას, რომლის გამოც მოვიბოდიშე, მათი ყეყეჩი ლიდერებისგან განსხვავებით.
ამ ისტერიკაში მხოლოდ “ნაცმოძრაობის” კრიზისი ჩანს და არა იმ პარტიების, ვინც რვიანში რეალურად ვმუშაობდით და ვმუშაობთ. კიდევ ერთხელ ვწუხვარ, რომ ჩვენი მხარდამჭერები ამ ცირკის მაყურებელი გავხადე”, – წერს ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, პარტია “ფედერალისტების” ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა “ფეისბუქზე” კომენტარებში მის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორებს მათივე “ფეისბუქის” პროფილიდან აღებული ბავშვების ფოტოების გამოყენებით უპასუხა.
მოგვიანებით თამარ ჩერგოლეიშვილმა ბოდიში მოიხადა და “ფეისბუქზე” დაწერა, “ასე აღარ მოვიქცევი – სხვანაირად ვიტყვი”.
აღნიშნულთან დაკავშირებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ რვა პარტიის ფორმატში მყოფ პარტიებს მიმართა, თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ.
