თამარ ჩერგოლეიშვილი – აღარ წავალთ რისკზე, რომ გახარიას ერთი წლით ციხეში ჩაჯდომის არ შეეშინდეს – როცა ასეთ საქმეს შეეხება და პირადი თემაა ჩართული, გავითვალისწინებთ, მომავალში აქ მოვერიდებით შეთანხმებების გამოცხადებას

თუ დავინახავთ ხოლმე, რომ შეთანხმების შედეგად შეიძლება გახარია ერთი წლით ციხეში ჩაჯდეს, ასეთ შეთანხმებას არ გამოვაცხადებთ, რადგან შეიძლება გადაიფიქროს , – ამის შესახებ პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე, ფიქრობთ, რომ გიორგი გახარიას ციხეში ჩაჯდომის შეეშინდა და ამიტომ მივიდა საგამოძიებო კომისიაზე, თამარ ჩერგოლეიშვილმა უპასუხა: „მე ერთადერთი ახსნა ეგ მაქვს“.
„უნდა გავითვალისწინოთ ხოლმე გარემოებები. თუ დავინახავთ ხოლმე, რომ შედეგად შეიძლება გახარია ერთი წლით ციხეში ჩაჯდეს, ასეთ შეთანხმებას არ გამოვაცხადებთ შეთანხმებად, რადგან შეიძლება გადაიფიქროს. აღარ წავალთ რისკზე, რომ გახარიას არ შეეშინდეს ერთი წლით ციხეში ჩაჯდომის. ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ რისკები. როცა ასეთ საქმეს შეეხება და ასეთი პირადი თემა არის ჩართული, გავითვალისწინებთ და მომავალში იქ მოვერიდებით შეთანხმებების გამოცხადებას“, – განაცხადა .
რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ მასში მონაწილეობის მიღება ყველაზე მეტად „ნაციონალური მოძრაობისთვისაა“ მნიშვნელოვანი, რადგან „თუ არ გავიდა მუნიციპალურ არჩევნებზე, შემდეგ არჩევნებამდე ან მივა, ან არა“.
“„ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე მეტად უნდა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება. არსებობს რეგიონის ხმები და არსებობს თბილისის ხმები. თბილისში „ნაციონალური მოძრაობა“ მეხუთე ადგილზეა გასული, თბილისში ძალიან უჭირს. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალური ხმები და რეგიონის ხმები არის მეტწილად კლანური ხმები. იმას არ ვამბობ, რომ შინაარსზე მოტივირებული ხმები რეგიონებში არ არის, მაგრამ დიდი წილი არის კლანური ხმები. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, ის დაკარგავს იმ ხმების მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც მასთანაა, იმიტომ, რომ მუნიციპალური დან ის თავისას იღებს. „ერთი გარეცხვაღა არის დარჩენილიო“ რომ ამბობენ, ერთი არჩევნებიღა არის დარჩენილი „ნაციონალური მოძრაობა“. თუ არ გავიდა მუნიციპალურ არჩევნებში, შემდეგ არჩევნებამდე ან მივა და ან არა. ამიტომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მონაწილეობა“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.