თამარ ტატანაშვილი: თსუ-ს იურიდიულმა ფაკულტეტმა უწყვეტი 8-წლიანი სტაჟის შემდეგ გადაწყვიტა, რომ თურმე აღარ ვჭირდები

“თსუ-ს იურიდიულმა ფაკულტეტმა უწყვეტი 8-წლიანი სტაჟის შემდეგ გადაწყვიტა, რომ თურმე აღარ ვჭირდები იურიდიულ განათლებას. ეს ფაქტი გასაოცარი ჩემთვის ნამდვილად არ ყოფილა, რადგან შევიწროება და არასამართლიანი მოპყრობა განსაკუთრებით შესამჩნევი იყო რუსული კანონის მიღების პროცესიდან. თუ მაშინ ვერ იგებდნენ „რა იყო ამ კანონში რუსული“, ეხლა ხომ ხედავთ სახელებითა და გვარებით.
ყველაზე მეტად რაზეც გული მტკივა და არის ჩემი სტუდენტები და ზოგადად მათთან ურთიერთობის ბედნიერება. ყველამ ძალიან კარგად იცის, როგორ მიყვარს ჩემი საქმე, რომელსაც მთელი გულით ვემსახურე. რას ვიზამთ, პროგრესი და სოვაკურ-პროვინციალური შეგნება ერთად ვერ თავსდება. უდიდესი შრომა მაქვს ჩადებული სტუდენტებთან ურთიერთობაში და მათ შორის უნივერსიტეტშიც, ისე რისი შესაძლებლობაც მქონდა, თუმცა მე არ ვარ საჭირო. სამაგიეროდ გადახედეთ სიას და ჩამონათვალს უმეტესობა ვინ არის და რა ბექგრაუნდით.
პროფესიულ და ადამიანურ ღირებულებებს ნამდვილად ვერ მოვთხოვ რეჟიმის მსახურებს, რომლებსაც მეტი ფუნქცია უბრალოდ არ გააჩნიათ. თუმცა ნამდვილად საინტერესოა რას აპირებთ კოლეგებო და რამდენი ხანი აპირებთ ამ ყველაფრის ყურებას? მესმის რომ ბევრი ბედნიერად გადაინაწილებს საათებს, მაგრამ ცუდი ამბავი არის ის, რომ მაქსიმუმ შემოდგომაზე ყველას მოგადგებიან.
უნივერსიტეტის ავტონომიურობა და აკადემიური თავისუფლება გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად ფორმალურად კატეგორიებად იქცა დიდი ხანია. ლექტორი სჭირდება სტუდენტს, ასე უნდა უყურებდეს ყველა საქმის ერთგული და პატიოსანი მენეჯერი ამ საკითხს, თუმცა როდესაც სისტემის მონა ხარ და ყველაფერი კუჭზე გადის, მგლის თავზე სახარების კითხვასავით იქნება ის, რასაც ვწერ. ამიტომ რისი თავიც არ გაქვს, იმას ხელი არ უნდა მოკიდო.
ეხლა რაც შეეხება ცხრილების შედგენას და ტექნიკურ ვირეშმაკობებს, ეგ მოუყევით თოთო ბავშვებს ძილის წინ, ძალიან კარგად იცით, რომ მე ყველაფერი ვიცი, რა როგორ ხდება, ვინ წყვეტს და ვინ ასრულებს უდრტვინველად.
უბრალოდ გრცხვენოდეს, სხვების უბედურების ხარჯზე სინდისს და ღირსებას ვერ შემატებ საკუთარ თავს. უმანკო კრავის და სხვებზე ხელის გაშვერის დრო წასულია, ყველამ ვიცით ვინ რისი შემოქმედია. გრცხვენოდეს, ამ „ძვირფასს“ დროს იდეალური „საჩუქრისთვის“!
ერთმა ჩვენმა ჭკვიანმა მასწავლებელმა მითხრა, რა იქნება ზოგჯერ მოისულელე თავი, თორემ ვერ აგიტანენო. მართალი იყო, უბრალოდ მე რაც ვარ ეს ვარ და არავის გამო შეცვლას არ ვაპირებ, არც არავის შევეტენები, არც წითელ ხალიჩას დავუგებ ვინმეს, რასაც ჩავთვლი სამართლიანად, იმის შესაბამისად მოვიქცევი. მიწას შევჭამ როგორც იტყვიან, მაგრამ საკუთარ ღირებულებებს, პრინციპებს არასოდეს ვუღალატებ. ადამიანებმა უნდა ეძიონ თავისი ადგილი ჩემს სისტემაში, ნებისმიერი ვინც ამას ეწინააღმდეგება, შეუთავსებელია ჩემთან. თქვენი არჩევანია, სამყაროში არსებობა ჭამის და საპირფარეშოში სიარულის ნაკრებს წარმოადგენდეს თუ უფრო მეტს. მე ასე მარტივად არ ვუყურებ ადამიანის არსებობის მიზანს.
ამ „დიდებული“ ამბავის შემოქმედს კი ვთხოვდი, ნუღარ დამირეკავს ნურასოდეს, საერთო არაფერი მაქვს, უზომოდ მრცხვენია! მასთან სხვა აკადემიური ფორმალური კავშირების გაწყვეტაზე ცოტა მოგვიანებით მოვიფიქრებ, ჯერ სხვა პრიორიტეტები მაქვს.
პ.ს ეგ „ლარი ოცი“ 200 ლარი მაინც დედაჩემის ონკოლოგიურ კვლევებში უნდა დამეხარჯა, ხოდა თქვენი იყოს 200-იც და 2000-იც, ყველა თეთრი კლინიკებში გეხარჯოთ სიცოცხლის ბოლომდე, ვინც ეს დაიმსახურეთ.
მიყვარხართ სტუდენტებო,
თქვენი „დესპოტი“ „გერმანული წესის“ ლექტორი თამარ ტატანაშვილი ❤” – წერს თამარ ტატანაშვილი.