ახალგორელი აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი, რომელმაც მშრალი შიმშილობა გამოაცხადა, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამის შესახებ გამოცემა „საპას“ მისმა ადვოკატმა, ალან ბაზაევმა განუცხადა.
მისი თქმით, მეარაყიშვილი კლინიკაში გუშინ, 29 დეკემბერს, სავარაუდოდ, მასთან ბოლო შეხვედრის შემდეგ მოათავსეს.
„განწყობა ნორმალური აქვს, თუმცა ძლიერი სისუსტე აღენიშნება“, — განაცხადა ბაზაევმა.
ადვოკატის თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად, მეარაყიშვილი კვლავ უარს ამბობს შიმშილობის შეწყვეტაზე. გარდა ამისა, ბაზაევმა დაადასტურა, რომ დღეს მას ოფიციალური ბრალი წარუდგინეს.
ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი „ჯაშუშობის“ ბრალდებით 22 დეკემბერს დააკავეს და 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური მას „საქართველოს სპეცსამსახურებთან აფილირებული“ უცხოური მედიასაშუალებებისთვის ინფორმაციის გადაცემას ედავება.




