თამარ მეარაყიშვილი მშრალ შიმშილობაზე გადავიდა – ადვოკატი

ცხინვალში დაპატიმრებული ახალგორელი აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი მშრალ შიმშილობაზე გადავიდა.
ამის შესახებ გამოცემა „საპას“ მისმა ადვოკატმა, ალან ბაზაევმა განუცხადა.
ადვოკატის თქმით, თამარ მეარაყიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მისივე თქმით, მეარაყიშვილი უარს ამბობს არა მხოლოდ საკვებზე, არამედ წყალსა და მედიკამენტებზეც.
„წნევის ცვალებადობა აქვს, არ იღებს არც წყალს და არც აბებს. მეტყველება ნორმალურია, თუმცა ვიზუალურად ეტყობა, რომ მდგომარეობა არაჯანსაღია. მან თქვა, რომ დაახლოებით 10 კილოგრამი დაიკლო“, — განაცხადა ადვოკატმა.
როგორც ადვოკატი აცხადებს, თამარ მეარაყიშვილს იზოლატორის ექიმები მეთვალყურეობენ და შიმშილობის შეწყვეტას სთხოვენ, თუმცა ის კატეგორიულ უარზეა და საკუთარ უდანაშაულობას ამტკიცებს.
ადვოკატის თქმით, მეარაყიშვილმა მშრალი შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება გუშინ, 288 დეკემერს, დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან მისი შიმშილობის შესახებ გაკეთებული არაკორექტული განცხადებების შემდეგ მიიღო.
„ის ამბობს, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და თავს პრეზიდენტ ალან გაგლოევის პირად ტყვედ მიიჩნევს. შიმშილობის შეწყვეტას გათავისუფლებამდე არ აპირებს“, — განაცხადა ბაზაევმა.
ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი „ჯაშუშობის“ ბრალდებით 22 დეკემბერს დააკავეს და 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური მას „საქართველოს სპეცსამსახურებთან აფილირებული“ უცხოური მედიასაშუალებებისთვის ინფორმაციის გადაცემას ედავება.