თამარ კორძაია – Edison Research-ის კვლევა აჩვენებს, რომ ერთიანობით საქართველო იმარჯვებს

ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებით, Edison Research-ის კვლევა აჩვენებს, რომ ერთიანობით საქართველო იმარჯვებს.
მისივე თქმით, ის პარტიები, რომლებიც ბარიერს ვერ ლახავენ კომპრომისზე, შეთანხმებებზე უნდა წავიდნენ, რათა არცერთი ხმა არ დაიკარგოს.
„Edison Research-ის კვლევა აჩვენებს, რომ ერთიანობით საქართველო იმარჯვებს. საქართველოს მოქალაქეების ნება აღსრულდება ერთიანობით. ამიტომ ჩვენი მომდევნო ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იმისაკენ, რომ ოპოზიციამ კიდევ უფრო მეტი ერთიანობით საქართველოს მოქალაქეების ხმები დავიცვათ, მერე უკვე პარლამენტში ვითანამშრომლოთ კოალიციური მთავრობის შესაბამისად. ფაქტი ერთია, რომ ამ ფორმითაც [გაერთიანებებით] ოპოზიცია ამომრჩევლის ნებას ასახავს. ოპოზიციის ნაწილში კიდევ არის გამსხვილების რესურსი და ის პარტიები, რომლებიც ბარიერს ვერ ლახავენ კომპრომისზე, შეთანხმებებზე უნდა წავიდნენ, იმიტომ, რომ არცერთი ხმა არ დაიკარგოს. მგონია, რომ ამ პარტიების მხრიდან კომპრომისზე წასვლა და ამ გაერთიანებებში მოსვლაც არის მათი ამომრჩევლის ნების ასახვაც, იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხება არის უმრავლესის ნება და ჩვენ ამას ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ“, – განაცხადა კორძაიამ.
ცნობისთვის, Edison Research-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმრავლესობა, 32.4% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 17.3% „ნაციონალურ მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელს“, 12.8% „ძლიერი საქართველო: ლელო/ხალხისთვის/თავისუფლების მოედანს“, 11.2 % „საქართველოსთვის – გიორგი გახარიას“. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებს, სხვა პარტიების რეიტინგი ასეთია: კოალიცია ცვლილებებისთვის – ახალი/გირჩი/დროა – 9.9%; „გირჩი“ – 5.2%, „ლეიბორისტული პარტია“ 3.3%, „პატრიოტთა ალიანსი“ და „ალტ ინფო“ 2.6%, „მოქალაქეები“ 2.2%; „ევროპული საქართველო“ 1.9%, „სამართლიანობისთვის“ – 0.9%, სხვა პარტიებს ასახელებს 0.4%.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი მოქალაქეებს – რამდენს გვაქვს უფასო ფული? რომელ სოფელს დაახარჯეს 5 მილიონი? ვინ მუშაობთ აშენებული ქარხნებიდან რომელიმეში? ვინ ყიდულობთ ბენზინს განახევრებული ფასით? – ესენი უნდა დავტოვოთ გაღიმებულები!