თამარ კორძაია – რეაქცია, რაც პრეზიდენტის შემოთავაზებას „ქართული ოცნების“ მხრიდან მოჰყვა, მაფიქრებინებს, რომ მათ ეშინიათ ნებისმიერი გაერთიანების – არ ეღიმებათ და რეალურ საფრთხეს ხედავენ

ოპოზიციონერი დეპუტატის თამარ კორძაიას შეფასებით, ის რეაქცია, რაც პრეზიდენტ ს შემოთავაზებას „ქართული ოცნების“ მხრიდან მოჰყვა, აფიქრებინებს, რომ მათ რეალურად ნებისმიერი გაერთიანების ეშინიათ.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განმარტა, ის პრეზიდენტის წინადადებას მხარს უჭერს, თუმცა, მეტ კონკრეტიკას ელოდება, თუ რას გულისხმობს „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შექმნა.
„სიმართლე გითხრათ, მკაფიო წარმოდგენა, როგორ ხედავს ამას პრეზიდენტი, არ მაქვს. მან თქვა, რომ პარტიული საქმიანობის დრო ახლა არ არის. ის ფიქრობს, რომ სამოქალაქო და საერთოდ, ქართული საზოგადოება უნდა დაირაზმოს იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გავხდეთ. ამ ნაწილში მან შემოგვთავაზა შეხვედრები, პირადად დაველოდები, იმიტომ, რომ ცოტა მეტი მკაფიოობაა საჭირო. ჩვენი საზოგადოებისთვის მართლაც ერთადერთი მიზანი არის ის, რომ ვიყოთ ევროკავშირის ოჯახი, ეს გვიწერია კონსტიტუციაში. ამის გამო ჩვენი მოქალაქეები გამოდიან ქუჩაში, ღამეებს ათენებენ და არცერთ ხელისუფლებას არ პატიობენ ოდნავ შეცდომასაც კი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ასეთი წამოწყების მომხრე ვიქნები ყველა შემთხვევაში, ვინც არ უნდა დაიწყოს, მითუმეტეს, როცა ეს ხდება პრეზიდენტის მხრიდან. როგორ აპირებს ამას სალომე ზურაბიშვილი, უნდა მოვუსმინოთ ჯერ, ამიტომ, წინასწარ შეფასებებს ვერ გავაკეთებ. ის რეაქცია, რაც ამ შემოთავაზებას „ქართული ოცნების“ მხრიდან მოჰყვა, მაფიქრებინებს, რომ მათ რეალურად ეშინიათ ნებისმიერი გაერთიანების. რატომ ეშინიათ, თუ მათი სწრაფვა მომავალში ევროკავშირში ჩვენი წევრობისკენ გულწრფელი არის?!. უნდა გაეღიმოთ ამაზე, მაგრამ არ ეღიმებათ და რეალურ საფრთხეს ხედავენ“, – განაცხადა კორძაიამ.
მისი განმარტებით, დღეს პოლიტიკოსების ძირითადი გამოწვევა არის, მოქალაქეებს დაუბრუნდეთ იმის რწმენა, რომ არჩევნებს აქვს შედეგი და რომ მათი ხმები ვინმეს სასარგებლოდ არ გაყალბდება. კორძაიას თქმით, თუ პრეზიდენტის ინიციატივა ამას ხელს შეუწყობს, ძალიან კარგი იქნება.
„ეს ერთი ნაწილი და მეორე, ოპოზიციური პარტიების სიებს კი არ გააერთიანებენ, იდეურად გაერთიანდებიან. თუ სალომე ზურაბიშვილის პლატფორმა ხელს შეუწყობს იმას, რომ პოლიტიკური პარტიები ცალ-ცალკე ბრძოლის ფარგლებში შეთანხმდებიან იმაზე, რომ როდესაც პარლამენტში შევლენ, უარს იტყვიან ოლიგარქიულ მმართველობაზე, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ევროპული ღირებულებები დამკვიდრდეს, რაც მთავარია, არ შეუქმნიან საჭიროების შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ მთავრობას, ეს იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის რწმენა, რომ ოპოზიცია საქმიან მოლაპარაკებაზეა გადასული და არა სიების შედგენაზე და ა.შ. თუ ეს პლატფორმა ამისთვის იქნება გამოყენებული, ეს ძალიან კარგი იქნება“,- განაცხადა კორძაიამ.
ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება ერთობა, რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მზად არის ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას. „ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი – გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?