ჟურნალისტების მიმართ მიზანმიმართული დევნა ხორციელდება, ხელისუფლებას არ სურს მათი სისასტიკის რეალური მტკიცებულებები და კადრები არსებობდეს – არსებობს ე.წ. ბუფერული ზონები, სადაც შსს-ს თანამშრომლები დაკავებულ აქციის მონაწილეებს მანქანებში სცემენ, მანქანამდე კი არავის არ უშვებენ, უბრალოდ არ იძლევიან იმის შესაძლებლობას, რომ ობიექტურმა თვალმა დაინახოს სისასტიკე, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ, ოპოზიციური პარტიების საერთო ბრიფინგზე განაცხადა.
თამარ კორძაიას შეფასებით, ბოლო დღეებში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს 3 მთავარი პრობლემა გამოჩნდა.
მისი თქმით, პრობლემაა ჟურნალისტების მიმართ დაწყებული დევნა, ე.წ. ბუფერული ზონები, სადაც დაკავებულ აქციის მონაწილეების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება მიმდინარეობს და მესამე, ბოლო დღეებში პოლიტიკურ პარტიებსა თუ სამოქალაქო მოძრაობებში ჩატარებული უკანონო ჩხრეკებია.
„მოვლენები იმდენად სწრაფად ვითარდება, სანამ ამ ინფორმაციის დოკუმენტირებას მოვახდენთ, მინდა საზოგადოებას ყურადღება სამ მნიშვნელოვან კომპონენტზე გავამახვილებინო.
პირველი, ეს არის ჟურნალისტები, რომელთა მიმართ მიზანმიმართული დევნა ხორციელდება. დაუცველები არიან ჟურნალისტები, ფოტოგრაფები და ოპერატორები. ხელისუფლებას არ სურს მათი სისასტიკის რეალური მტკიცებულებები და კადრები არსებობდეს.
მეორე საკითხია ის სისასტიკე, რომელსაც შსს-ს თანამშრომლები დაკავებული მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადიან, რომელიც ე.წ. ბუფერულ ზონაში ხორციელდება. მოქალაქეებს დაკავების შემდეგ მანქანებში სცემენ, მანქანამდე კი არავის არ უშვებენ, უბრალოდ არ იძლევიან იმის შესაძლებლობას, რომ ობიექტურმა თვალმა დაინახოს ის სისასტიკე.
ჩვენი ბიუჯეტიდან იღებენ ხელფასებს ადამიანების ცემაში, შემდეგ ამ ნაცემ ადამიანებსვე ჩვენი ფულით თითქოს მკურნალობენ, თითქოს კეთილები არიან და ბოლოს შეხვეულ ადამიანებს გვაჩვენებენ მარტო. მთავარი, რაც ხდება არის ის ზონა სად ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან მანქანებში, რაც აუცილებლად გამოსაძიებელია.
აყალბებენ დოკუმენტაციებს და ადამიანებს ხელს აწერინებენ, რომ თითქოს დაკავების მომენტში მიიღეს აღნიშნული დაზიანებები, თუმცა ალეკო ელისაშვილის მაგალითზე ჩანს, რომ დაკავების მომენტში არ მიუღია მას დაზიანებები.
მესამე, ის ჩხრეკა-ამოღებები, რომელიც მიმდინარეობდა პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ სხვადასხვა საზოგადოებრივი მოძრაობების ოფისებში, აბსოლუტურად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იგნორირებით ტარდება. არ არის წარმოდგენილი არცერთ შემთხვევაში, თავის დროზე, დადგენილება, ან სასამართლო განჩინება, როგორც დავინახეთ გადაუდებელი შესვლა ხდება, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, „ერთიანობა – ნაციონალურო მოძრაობის“ ახალგაზრდული მოძრაობის ოფისში მიმდინარე ჩხრეკასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ არ არის წარმოდგენილი დადგენილება“,- განაცხადა თამარ კორძაიამ.