თამარ კორძაია – მიხარია, რომ გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციურ სპექტრს გააძლიერებს, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, სად იქნება ის

ძალიან მიხარია, რომ ოპოზიციურ სპექტრს გააძლიერებს და არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, სად იქნება ის – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თამარ კორძაიამ პალიტრანიუსის გადაცემა “360 გრადუსში” მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის “ძლიერ საქართველოსთან” გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” ქართული ქარტიის ერთგული რჩება, მთავარია, რაც შეიძლება მეტი ხმა აიღოს პარლამენტში ყველა ოპოზიციურმა პარტიამ.
“ძალიან სკეპტიკურად ვიყავით განწყობილი ყველანი გიორგი მარგველაშვილის მიერ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით, საერთოდ, დაბრუნდებოდა თუ არა პოლიტიკაში, ეს იყო ძალიან ბუნდოვანი და რადგან ის დაბრუნდა, ძალიან კარგია და ამას მივესალმები. ძალიან მიხარია, რომ ოპოზიციურ სპექტრს ის გააძლიერებს და არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, სად იქნება. მე ვფიქრობ, რომ ის არის მყარი დასავლური კურსის მატარებელი პოლიტიკოსია, რომელიც ძალიან სჭირდება საქართველოს პარლამენტს და მივესალმები, რომელი გუნდითაც არ უნდა იყოს ის წარმოდგენილი.
გიორგი მარგველაშვილი ერთ სიბრტყეში არ აყენებს “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას,” ის მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის მოიხსენიებს პოლიტპატიმრად, ამიტომ, შეუძლებელია, ეს ორი პარტია ერთ სიბრტყეში მოაქციოს.
არც გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს, არც ს პრეზიდენტობის დროს, არც ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს საქართველოს დასავლური ორიენტაცია ეჭვქვეშ არ დამდგარა, ამიტომ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მისი ოპოზიციურ ველზე ყოფნა. ჩვენ პარლამენტში ერთიანობით მუშაობა მოგვიწევს იმიტომ, რომ არანაირი ლოგიკით, დღეს რასაც ვხედავთ, ოპოზიცია ცალკეული გაერთიანებით ვერ მოიპოვებს იმხელა უმრავლესობას, რომ მარტო იმოქმედოს და ჩვენ ერთიანად უნდა დავამარცხოთ “ქართული ოცნება”.
ჩვენ ხელი მოვაწერეთ “ქართულ ქარტიას” და ამის ერთგული ვრჩებით. მთავარია, რომ რაც შეიძლება მეტი ხმა ავიღოთ პარლამენტში ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და მერე მივყვებით ამ პუნქტების შესრულებას. რეგიონებში ამომრჩევლებს რომ ვხვდებით, მერწმუნეთ, საერთოდ არ აინტერესებთ მათ, მთავრობა როგორ ჩამოყალიბდება. მათ აინტერესებთ პენსიონერებს რა ეშველებათ, რამდენად შესაძლებელი იქნება ბავშვებისთვის უკეთესი პირობების შექმნა სკოლაში და უფასო კვება ექნებათ თუ არა და უამრავი ასეთი პრობლემაა”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი გიგიაძე – წარმოუდგენელ მდგომარეობაში ვართ, როდესაც აღარავის უნდა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან შეხვედრა, უუქმებენ ვახშამზე მოსაწვევს ამერიკის პრეზიდენტთან – ეს ნიშნავს იმას, რომ აშშ ამ ხელისუფლებასთან წყვეტს ურთიერთობებს