ივანიშვილის რუსული რეჟიმი ებრძვის ყველას, ვინც იბრძვის სიტყვის თავისუფლებისთვის, ვინც იბრძვის საქართველოსთვის, ადამიანის უფლებებისთვის, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ „ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
თამარ კორძაიას შეფასებით, მზია ამაღლობელი დაკავება უსამართლობაა.
„ეს არის უსამართლობის ყველაზე ნათელი მაგალითი. ივანიშვილის რუსული რეჟიმი ებრძვის ყველას, ვინც იბრძვის სიტყვის თავისუფლებისთვის, ვინც იბრძვის საქართველოსთვის, ადამიანის უფლებებისთვის. შესაბამისად, გადაწყვიტეს, რომ სწორედ მზია ამაღლობელი უნდა დაიჭირონ. ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება არაფერს აკეთებს გარდა იმისა, რომ სხვების უფლებები დაიცვას. მას სხვა არაფერი გაუკეთებია, გარდა ადამიანებისთვის სიკეთის გაცემისა და დღეს ის დაჭერილია, ეს არის უსამართლობა“,-განაცხადა კორძაიამ.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 14 იანვარს, 11:00 საათზე, „ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება. მოსამართლე აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
შეგახსენებთ, „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.