თამარ კორძაია – არსებობს ერთი არაჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მას დამორჩილებული ე.წ. ხელისუფლება, რომელიც სინამდვილეში დამნაშავეთა ჯგუფია

არსებობს ერთი არაჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მას დამორჩილებული ე.წ. ხელისუფლება, რომელიც სინამდვილეში დამნაშავეთა ჯგუფია, – ასე შეაფასა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ ს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
კორძაიას განცხადებით, ამ გადაწყვეტილებას სამართალთან კავშირი არ აქვს და არის „აღვირახსნილი ძალადობა“.
“სასამართლოსთან და სამართალთან აქ არანაირი კავშირი არ არსებობს. ჩვენ არ ვართ იმ რეალობაში, როდესაც პოლიტიკური ლოგიკით უნდა ვიაზროვნოთ, არ არსებობს ამ ქვეყანაში როგორც სამართალი, ასევე პოლიტიკა. საქმე ისაა, რომ არსებობს ერთი არაჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მას დამორჩილებული ე.წ. ხელისუფლება, რომელიც სინამდვილეში დამნაშავეთა ჯგუფია. ძალიან რთულია ჩვენისთანა ადამიანებმა, რომლებიც მთელი ცხოვრება ვიბრძვით სიტყვის თავისუფლებისთვის, კონსტიტუციის დაცვისთვის და ასე შემდეგ, გავიგოთ ისინი რა ლოგიკით ხელმძღვანელობენ. მათი ლოგიკა არის, რომ ისეთი ადამიანიც კი, როგორიც მზია ამაღლობელია, ციხეში გაუშვა. ეს არ არის ლოგიკა, ეს არის აღვირახსნილი ძალადობა“, – განაცხადა კორძაიამ.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.
მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური და შეძახილები მოჰყვა. „თავისუფლება მზიას“ – სკანდირებდნენ სხდომაზე დამსწრეები. დარბაზში მყოფმა ჟურნალისტებმა მოსამართლესა და პროკურორებს მიმართეს სიტყვებით: „ივანიშვილის მონებო“, „რუსები ხართ“, „შეგრცხვეთ, ჟურნალისტებს რომ ციხეში უშვებთ“, „მოღალატეებო“.