თამარ კორძაიას ინფორმაციით, რუსთავში, სუპერმარკეტ „მადაგონსა“ და ფარმაცევტულ კომპანია „ფარმა სახლში“ კანონდარღვევები აღმოაჩინეს, რომელიც ამომრჩეველთა მოსყიდვას ეხება

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თამარ კორძაიას ინფორმაციით, რუსთავში, სუპერმარკეტ „მადაგონსა“ და ფარმაცევტულ კომპანია „ფარმა სახლში“ კანონდარღვევები აღმოაჩინეს, რომელიც ამომრჩეველთა მოსყიდვას ეხება.
როგორც კორძაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 50 ლარიან ვაუჩერებს ურიგებენ იმ ადამიანებს, ვინც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან.
„საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ეს არის ამომრჩეველთა მოსყიდვა და სისხლის სამართლის დანაშაული. მივმართავთ ყველა შესაბამის უწყებას, პროკურატურას, საგამოძიებო ორგანოებს, რომ ამ ფაქტებით დაინტერესდნენ და სათანადოდ გამოიძიონ, მონახონ ის პირები, ვისი დავალებითაც სრულდება ეს კანონდარღვევა და დამნაშავეები აუცილებლად წარდგნენ სამართლის წინაშე. ის, რაც ხდება რუსთავში კერძო კომპანიების, ბიზნესის მიერ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, დანაშაულია და თითოეული მათგანი, ვინც ამას აკეთებს, პასუხს აუცილებლად აგებს“, – განაცხადა კორძაიამ.
გარდა ამისა, თამარ კორძაიას თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომლის თანახმად, ადამიანებს მესაკუთრეების თანხმობის გარეშე მისამართებზე სწერენ.
მისვე თქმით, ასეთი ფაქტები მრავლად აქვთ, მონაცემებს აზუსტებენ და ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს დღეებში მიაწვდიან.

ასევე დაგაინტერესებთ