თამარ იოსელიანი: თბილისის აეროპორტი, ვაზიანის აეროპორტის ამოქმედებისთანავე ოპერირებას შეწყვეტს

თბილისის აეროპორტი, ვაზიანის აეროპორტის ამოქმედებისთანავე ოპერირებას შეწყვეტს – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუს დროს წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც 2031 წელს ვაზიანის აეროპორტის ამოქმედების შემდეგ თბილისის აეროპორტის ფუნქციონირებას შეეხებოდა.

აღნიშნულის შესახებ თამარ იოსელიანმა პირველად, გასული წლის ოქტომბერში „თბილისის აბრეშუმის ფორუმზე“ გამოსვლისას განაცხადა, თუმცა იმ დროისთვის საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო, რომ სახელმწიფო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორ კომპანია TAV Georgia-სთან, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის $150 მილიონიანი ინვესტიციის განახლებულ ხელშეკრულებას გააფორმებდა. ამავე ხელშეკრულებით ADP-ის წევრ TAV-ს თბილისის აეროპორტის ოპერირების ვადა 2031 წლამდე გაუხანგრძლივდა.

ფრანგული კომპანიის შვილობილ კომპანიასთან ხელშეკრულების განახლების შემდეგ, 2031 წლიდან თბილისის არსებული აეროპორტის ოპერირების შეწყვეტის შესახებ თამარ იოსელიანმა კიდევ ერთხელ გააჟღერა. მან ისიც აღნიშნა, რომ დღემდე თბილისის აეროპორტის განვითარებაში TAV Georgia-ს განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 260 მლნ დოლარს აღწევს, ახალი ხელშეკრულებით კი მისი გამტარუნარიანობის გაორმაგებისთვის, დამატებით 150 მლნ დოლარი ჩაიდება.

„დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გამტარუნარიანობის მაქსიმუმზე მუშაობს. მგზავრთნაკადმა 5 მლნ მგზავრს გადააჭარბა და აეროპორტი გაფართოებას საჭიროებს. სახელმწიფოს ქვეყანაში საავიაციო სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვა აქვს, რომლის მიხედვითაც 2031 წლის ბოლომდე ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტი ამოქმედდება. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევსულიყავით კომპანია „ტავ ჯორჯიასთან“ მოლაპარაკებაში – შედეგად, მომდევნო 2 წლის განმავლობაში გაორმაგდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა – ის 10 მლნ მგზავრამდე გაიზრდება, ასევე 50%-ით მოიმატებს უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურა, ასევე გაიზრდება როგორც საპარკინგე ზონა, ისე თვითმფრინავების სადგომები. „ტავ ჯორჯიამ“ აიღო ვალდებულება, რომ თბილისის არსებულ აეროპორტში 150 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს.

ეს არის საჯარო და კერძო თანამშრომლობის ძალიან წარმატებული მაგალითი. ამასთან, „ტავ ჯორჯიას“ უკვე აქვს განხორციელებული მსხვილი ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში – დაახლოებით 260 მლნ დოლარის ოდენობით“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ განახლებული კონტრაქტით გასამმაგდება წლიური შემოსავალი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის, რომელიც დამატებით მიიღებს 25 მლნ ამერიკულ დოლარს ახალი კონტრაქტის ამოქმედების შემდეგ და აღნიშნა, რომ ახალი კონტრაქტის პირობებით, კომპანია „ტავ ჯორჯია“ ჩაერთვება ავიაკომპანიების მარკეტინგული წახალისების სქემებში, რაც ნიშნავს მეტ ავიაკომპანიას საქართველოს ავიაბაზარზე.

“ვაზიანის აეროპორტი 2031 წლის ბოლოს ამოქმედდება, მისი გამტარუნარიანობა თბილისის არსებულ აეროპორტთან შედარებით 4-ჯერ მეტი იქნება და 20 მლნ მგზავრის მომსახურებას შეძლებს. რაც შეეხება თბილისის არსებულ აეროპორტს, ვაზიანის აეროპორტის ამოქმედებისთანავე ის შეწყვეტს ოპერირებას. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გრძელვადიანი აეროპორტების განვითარების გრძელვადიანი ხედვა გვაქვს”, – განაცხადა თამარ იოსელიანმა და აღნიშნა, რომ ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ კვლევები მიმდინარეობს, რომელიც წინასწარ განსაზღვრული სამოქმედო გეგმის შესაბამისად ხორციელდება.

ცნობისთვის, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე აცხადებს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია, 2031 წლის შემდეგ ვაზიანის ახალი აეროპორტის მართვაში შესვლასაც განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ