ტელეჟურნალისტი თამარ გოგელიძე:
ერთხელ, მორიგ სადილზე შევიკრიბეთ, “ბიჭებთან” ერთად.
ზუსტად აღარ მახსოვს, მარა ჭილაძეები, მურმანი, დოჩანა, ჩხენკელი, ტყემალაძე და ვახუშტი ნაღდად მახსოვს, სხვებიც იყვნენ.
ასეთი არაფერი მინახავს, ერთმანეთის ლექსებს ყვებოდნენ და ბედნიერები იყვნენ ამით
კარგად მახსოვს, ვახუშტიმ ხროტინით მოახედა ტარიელს: ტარიელა, ბიჭო, ცისფერ ღრუბელთან წოლა გავიგე, კაი პოეტი ხარ, მარა ეს “უხერხულია შენ გერქვას ცოლი” საიდან მოიტანე, რატო გაგვამწარე და დაგვაწყვიტე ნერვები, რამ მოგიჭირა,ბიჭო ასე, აღარ ვვარგივართ ადამიანებად რომ გაგვახსენდებიო
მართლა რანაირი ბიჭობა ქონდათ ბოლომდე, არაფრით არ დაკაცდნენ…

გაემზადა და შვილის დაბადების დღეზე საჩუქრად წავიდა. დღეს იუბილარია და გაუნძრევლად წევს, ასეთი ყოფილა ამ უმაგრესი პოეტის ივლისი.
დღეს, 94 წლის გახდა ტარიელ ჭანტურია.

“უპანთეონოდ გავალ იოლად –
ჰქონდეთ დიდუბე სხვებს ჩემი წილი!
რა სჯობს, როდესაც მარადიულად
გვერდიგვერდ წვანან მამა და შვილი”!
იყოს ეს შედევრი აქ, მის გამცილებლად უკანასკნელ გზაზე
იმედგაცრუებული ფიქრი
ლექსს სჭირდება გული. ლექსს სჭირდება ღვიძლი.
ლექსს სჭირდება ცრემლი. ლექსს სჭირდება სისხლი.
ლექსს სჭირდება ფეხი. ლექსს სჭირდება ხელი.
ლექსს სჭირდება მკერდი. ლექსს სჭირდება წელი.
ლექსს სჭირდება ტვინი. ლექსს სჭირდება შუბლი.
ლექსს სჭირდება ლარი. ლექსს სჭირდება რუბლი.
ლექსს სჭირდება სექსი – თუ მართლაა ლექსი.
ლექსს სჭირდება რისხვით აწეული წარბი!
შვილიშვილებისთვის ლექსს სჭირდება ბარბი!
ლექსს სჭირდება ღვინო. ლექსს სჭირდება ხილი.
უძილობა – ბევრი. ცოტა-ცოტა – ძილი.
ლექსს სჭირდება მუშტი. ლექსს სჭირდება შხამი.
საუკუნე – ბევრი. სამი-ოთხი – წამი.
რა თქმა უნდა-ღამით. რა თქმა უნდა-დღისით –
ერთგულება შენი. ერთგულება მისი.
ლექსს სჭირდება ფიცი. ლექსს სჭირდება ლექსი.
ლექსს სჭირდება ტორტი. ლექსს სჭირდება კექსი.
ლექსს სჭირდება დეკა. ლექსს სჭირდება ღვია.
ლექსს სჭირდება მკერდი და იმ მკერდში – ტყვია.
ლექსს სჭირდება ქედი. ლექსს სჭირდება მოლი.
ლექსს სჭირდება ცოლი (ხან – მეორე ცოლი).
ლექსს სჭირდება მკერდში გარჭობილი დანა,
დაძინება მერე და მკვდარ დედის ნანა…
ლექსს სჭირდება ცხვარი და ამ ცხვრისთვის –
მწყემსი…
…ეს არ ვიცი ოღონდ –
ვის სჭირდება ლექსი…




