თამარ გელიტაშვილი: სრული სიმართლე კონკურს „მაჩაბელის“ შესახებ

“სრული სიმართლე კონკურს „მაჩაბელის“ შესახებ
უპირველესად იმათ ინტერესს დავაკმაყოფილებ, ვინც მამუნათებს, რატომ დავთანხმდი „მაჩაბელის“ ჟიურის წევრობას. რამდენიმე წლის წინ გორის უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი სოსიაშვილმა დამიბარა და მითხრა, რომ სურდა დაეარსებინა ლიტერატურული კონკურსი. მე დამნიშნა კონკურსის კოორდინატორად და მთხოვა, რომ სახელწოდება მომეფიქრებინა და დებულება შემედგინა. ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია, შიდა ქართლის კონკურსს დიდი ივანე მაჩაბლის სახელი უნდა დარქმეოდა. ჩემი დიზაინით დამზადდა კონკურსის პრიზიც და ლოგოც. ასე შეიქმნა „მაჩაბელი“. რამდენიმეგზის ვიყავი ამ კონკურსის ჟიურის წევრი. ასე რომ, ნურავის გაუკვირდება, თუ დღემდე გული შემტკივა მასზე.
ახლა უშუალოდ წლევანდელი კონკურსის შესახებ:
კონკურსი თავიდანვე უხეში დარღევით დაიწყო. უამრავი მასალა, განსაკუთრებით კი თარგმანი (მარტო „დიოგენეს“ 15 წიგნი მაინც ჰქონდა წარმოდგენილი და თითოეული 400 გვერდზე ნაკლები არ იყო), თვე-ნახევარში უნდა წაგვეკითხა. მე მაშინვე გამოვთქვი უკმაყოფილება, რომ ეს იყო მთელი წლის საკითხავი მასალა და წარმოუდგენელი იყო დროის მცირე მონაკვეთში მისი წაკითხვა. ვითხოვე, მოეცათ კიდევ, მინიმუმ, 15 დღე. ჩემი მოთხოვნა არ გაითვალისწინეს და მეორე დღესვე ჩანიშნეს ჟიურის სხდომა. მე მაშინვე გულწრფელად ვაღიარე, რომ თარგმანების წაკითხვა ვერ მოვასწარი. აღმოჩნდა, რომ ჟიურის დანარჩენი სამი წევრიც ჩემს დღეში იყო. ამაზე სოსო ჭუმბურიძე „აღშფოთდა“ და დანაშაულად ჩაგვითვალა. არადა, გამომჟღავნდა, რომ არც მას და არც ჟიურის თავმჯდომარეს, ალექსანდრე მღებრიშვილს არამცთუ თარგმანები, საერთოდ არაფერი არ ჰქონდათ წაკითხული. ან რაში სჭირდებოდათ, წინასწარ ჰქონდათ გადაწყვეტილი, ვინ უნდა ყოფილიყო კონკურსის გამარჯვებული. ეს სია ჭუმბურიძემ წარმოადგინა, მღებრიშვილი კი უსიტყვოდ დაეთანხმა, ანუ „ცისფერი მთების“ ახალი ვარიანტი გათამაშდა – „არ წამიკითხავს, მაგრამ ვეთანხმები“. ისე, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს, რომ ჭუმბურიძე, ისევე როგორც მღებრიშვილი, არც მწერალია და არც კრიტიკოსი. ბუნებაში არ არსებობს მათი კრიტიკული წერილები. ჭუმბურიძე ერთი საშუალო დონის პუბლიცისტია, ამჟამად მხოლოდ ინტრიგნული ფეისბუქსტატუსებით არის განთქმული, ადრე კი ნეკროლოგების გაზეთის რედაქტორი იყო. ასევე, უასფალტო და ნაგავში ჩაძირული თბილისის მესვეურების ქებით იყო დაკავებული შევარდნაძის მმართველობის პერიოდში.
ჭუმბურიძის მოთხოვნით, პოეზიაში პრემია უნდა გაგვეყო და გადაგვეცა ნინო მშვიდობაძისა და ელგუჯა მარღიასთვის, ხოლო ნინა სამხარაძე კი, მისი გული რომ მოეგო, მოკლე სიაში შეგვეყვანა. დანარჩენ ნომინაციებში ფავორიტი არ ჰყავდა და მათ სამართლიანად მოიპოვეს გამარჯვება. აქვე ვიტყვი, რომ ბოლო შეკრებისათვის უკვე წაკითხული მქონდა მანანა ღარიბაშვილის თარგმანი და ყველამ ერთხმად დავუჭირეთ მხარი. ჩვენი, ჟიურის სამი წევრის – თათია მთვარელიძის, ნინია სადღობელაშვილისა და ჩემი პროტესტი პოეზიის ნომინაციასთან დაკავშირებით კი პირველსავე შეკრებაზე მყისიერი იყო და ჭუმბურიძისგან მოვითხოვეთ, ეხელმძღვანელა ლიტერატურის მხატვრულობის პრინციპით. პოეზიის ნომინაციაში ჟიურის ხუთი წევრიდან ზემოთ დასახელებულმა სამმა წევრმა ხმა მივეცით გურამ ჯახუტაშვილის ლექსების კრებულს. ამდენად, ბუნებრივია, გამარჯვებულიც ის იყო. ეს ვითარება ხელს არ აძლევდათ ჭუმბურიძე-მღებრიშვილს და მოითხოვეს კენჭისყრის გადადება მეორე დღისთვის. ჩვენი მოთხოვნა იყო, მაშინვე გვეყარა კენჭი, რასაც სულ 2 წუთი დასჭირდებოდა, მაგრამ ჭუმბურიძე-მღებრიშვილმა მაინც გადადეს სხდომა. ცხადი იყო, რომ ჩვენზე, ჟიურის წევრებზე ზეწოლა ჰქონდათ განზრახული. არც შევმცდარვარ. ჭუმბურიძე მთელი საღამოს განმავლობაში არწმუნებდა თათია მთვარელიძესა და ნინია სადღობელაშვილს, რომ მშვიდობაძისთვის დაეჭირათ მხარი, თათიას კი მამამისთან მეგობრობას ახსენებდა. ჭუმბურიძეს არაფერი გამოუვიდა. თათიაც და ნინიაც შეუვალები იყვნენ. თათიას წმინდა ლიტერატურული არგუმენტები, თუ რატომ არ იმსახურებდა მშვიდობაძე გამარჯვებას, მყარი იყო (ამაზე, ალბათ, თავად თათია ისაუბრებს). გაზეთში გამოქვეყნებული მშვიდობაძის ოთხიოდე სუსტი ლექსი კონკურენციას ვერ უწევდა ვერც გურამ ჯახუტაშვილს, ვერც ნატალი დარასელიას და ვერც სხვა ფინალისტებს, რასაც ჭუმბურიძე-მღებრიშვილის ტანდემი ვერაფერს უპირისპირებდა. შემდგომ, კიდევ ერთ მორიგ შეკრებაზე კვლავ გურამ ჯახუტაშვილმა მიიღო ხმათა უმრავლესობა, მაგრამ ალექსანდრე მღებრიშვილმა განაცხადა, რომ იყენებდა ჟიურის თავმჯდომარის უფლებას და გამარჯვებულად გამოაცხადა ელგუჯა მარღია. ვინაიდან ელგუჯა მარღია სამეულში დასახელებული გვყავდა, აღარ დავიწყეთ დავა, თანაც უკვე შეუძლებელი იყო ამ დავის უსაშველოდ გაგრძელება. რაც შეეხება მშვიდობაძეს, მის კანდიდატურაზე მსჯელობა აღარ ყოფილა.
მეორე შეკრების შემდეგ მე მივწერე კონკურსის დამფუძნებელს, გიორგი სოსიაშვილს, თუ რა უსამართლობა ხდებოდა ჟიურის სხდომებზე, რომ ჭუმბურიძემ საკუთარ კანტორად გადააქცია კონკურსი და ვთხოვე, სამუდამოდ ნუ დაასამარებინებდა „მაჩაბელს“, რაზეც პასუხად მივიღე ერთადერთი სიტყვა – „გასაგებია“. გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ სოსიაშვილი აღკვეთდა ამ განუკითხაობას, მაგრამ დაჯილდოების ცერემონიალის დაწყებამდე ორიოდე წუთით ადრე გამოირკვა, რომ ნინიკო მშვიდობაძისთვის დააწესეს სპეციალური პრიზი, დიპლომი და ფულადი თანხა. დიპლომს, რომელსაც მშვიდობაძე სოციალურ ქსელში აფრიალებს, გარკვევით აწერია – „ლიტერატურული კონკურსი „მაჩაბელი“. ასე რომ, ჟიურის ის სამი წევრიც, რომლებიც მშვიდობაძის გამარჯვების წინააღმდეგი ვიყავით, ამ ფარსის თანამონაწილე გამოვდივართ. როგორც ჩანს, ჩვენით უკმაყოფილო გიორგი სოსიაშვილმა დაამშვიდა მშვიდობაძე, ჭუმბურიძე-მღებრიშვილთან ერთად საიდუმლოდ მოიფიქრა სიურპრიზის მოწყობა და ჩვენი გაბითურება გადაწყვიტა. რა გამოვიდა? მშვიდობაძე კარიდან გავაგდეთ და ფანჯრიდან შემოაძვრინეს, თანაც დაჯილდოების ცერემონიალზე ჩვენგან ტაშის დაკვრას მოითხოვდნენ. ისიც არ არის გამორიცხული, რომ რექტორ-დამფუძნებლებს მშვიდობაძისათვის ჯილდოს გადაცემა ჩემთვის, როგორც გორის უნივერსიტეტის ლიტერატურული კაფეს ხელმძღვანელისა და ამავე უნივერსიტეტის ლექტორისათვის დაევალებინათ და ამით კიდევ უფრო დავემცირებინეთ. ჟიურის წევრები იმის ღირსადაც არ ჩაგვთვალეს, ეთქვათ, რასაც აპირებდნენ. ფარსი რომ გაენეიტრალებინათ, ასეთი ფანდი მოიფიქრეს – მშვიდობაძესთან ერთად პრიზი გადასცეს თურქ ქართველოლოგსა და მთარგმნელს, ჰარუნ ჩიმქეს. ჰარუნი, რა თქმა უნდა, იმსახურებს ყველანაირ ჯილდოს ქართველი ხალხისგან, მაგრამ, როცა ნინიკო მშვიდობაძესთან ერთდ გადასცემ და მის დონეზე დააყენებ, არა მარტო ჰარუნისთვის, არამედ მისი ღვაწლის დამფასებლებისთვისაც შეურაცხმყოფელია.
“როცა გაგაცანით, თუ რა ხდებოდა ჟიურის შეკრებებზე და რა კრიტერიუმით ხელმძღვანელობდა ჩვენი სამეული, მინდა ვიკითხო, რა შუაშია აქ პოლიტიკა და რომელიმე პარტიისადმი პოლიტიკური მიკერძოება?! ნუთუ ჟიურის წევრებს ნაწარმოების შეფასების უფლება არა გვქონდა?! ჩვენ შორს ვიდექით ყოველგვარი პოლიტიკისაგან და მხოლოდ ჩვენი მოვალეობა, ანუ ლიტერატურული ინტერესი გვამოძრავებდა. სამწუხაროდ, თვითონვე მისცეს კონკურსს პოლიტიკური ისერსახე და შედეგიც მიიღეს. ისიც უნდა ვიკითხო – უღირდა კი კონკურსის დამფუძნებელს ასე საჯაროდ თავის მოჭრა, ნინიკო მშვიდობაძეს კი ასეთი დაუმსახურებელი ჯილდოს მიღება?!
რაც შეეხება „მაჩაბლის“ ოფიციალური გვერდიდან გავრცელებულ უსუსურ ინფორმაციას, რომ საზოგადოება შეცდომაში შევიყვანე და სოსიაშვილმა პრემია კი არ გადასცა მშვიდობაძეს, არამედ სპეციალური პრიზი, ჩვენთვის, საზოგადოებისთვის, ეგ სულ ერთია, მით უფრო, როცა დიპლომს გარკვევით აწერია – „ლიტერატურული კონკურსი „მაჩაბელი“. თუ მაინც უნდა დაწესებულიყო სპეციალური პრიზი, იმათთვის გადაეცათ, ვისაც სამართლიანად ეკუთვნოდა.
ცხონებულ ვანო მაჩაბელს არც მისი სახელობის კონკურსში ჰქონია ბედი. ამიტომ ვნანობ, ამ კონკურსისათვის „მაჩაბელი“ რამ დამარქმევინა.

P.S. ალბათ, იკითხავთ, რატომ უფრთხიან სოსიაშვილი და მღებრიშვილი ინტრიგან ჭუმბურიძეს. მე კი ვიცი, მაგრამ ამჯერად თავს შევიკავებ,” – წერს სოციალურ ქსელში ფილოლოგიის დოქტორი, კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, სააბიტურიენტო წიგნების ავტორი თამარ გელიტაშვილი.

შეგახსენებთ, 18 ივლისს, ქალაქ გორში გამართული ლიტერატურული კონკურსი, მაჩაბელი პროტესტის ნიშნად  ჟიურის სამმა წევრმა დატოვა.
მათი თქმით, ამის მიზეზი ჟიურის ერთ-ერთი წევრის, იოსებ ჭუმბურიძის მიკერძოებული დამოკიდებულება გახდა კონკურსის მონაწილის, ნინიკო მშვიდობაძის მიმართ.
ჟიურის წევრებმა დაჯილდოების წინ გაიგეს, როგორ დაწესდა ნინიკო მშვიდობაძისთვის “განსაკუთრებული პრიზი”, რასაც სამი წევრის [თამარ გელიტაშვილი, თათია მთვარელიძე და ნინა სადღობელაშვილი] პროტესტი და კონკურსის დატოვება მოჰყვა.