„თამამად ვიტყვი, 2025 წელს კომპანიაში ინვესტორი არ გვინახავს“ – Start – Business Solutions (bm.ge)
საკონსულტაციო კომპანია Start – Business Solutions-ის მმართველი პარტნიორის ლარისა პატარაიას შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ეკონომიკა იზრდება, ქვეყანაში ეკონომიკური და ბიზნესპროცესები შენელებულია.
„თამამად ვიტყვი, 2025 წელს კომპანიაში ინვესტორი არ გვინახავს“ – თქვა Start – Business Solutions-ის მმართველმა პარტნიორმა „წერტილში“ სტუმრობისას.
„Start – Business Solutions“ არის კვლევითი და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2013 წელიდანაა. მისი ამოცანაა, დაეხმაროს კლიენტს, სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებაში, ბიზნესსერვისების შეთავაზების გზით.
„13 წელზე მეტია, რაც ბაზარზე ვართ. შესაბამისად, თუ ვინმე ბიზნესის დივერსიფიკაციას ან ინვესტორის მოზიდვას აპირებს, მოდის ჩვენთან და ვეხმარებით სწორი ბიზნესგადაწყვეტილების მიღებაში. ახალი ბიზნესის ხელშეწყობა ჩვენი ამოცანაა, მაგრამ თამამად მინდა გითხრათ, რომ 2025 წელს ჩვენს კომპანიაში ინვესტორი არ მინახავს. ახალი პროექტები ჩვენი პორტფელის 10%-საც არ შეადგენს. სამაგიეროდ, მთლიანად გადავერთეთ ანტიკრიზისულ გეგმებზეც და Start – Business Solutions-ის არსებულ პორტფელს ორი ძირითადი მიმართულებით ვეხმარებით. ესაა: გაყიდვების გაზრდა და შიდა პროცესების ოპტიმიზაცია, რადგან ბევრი კომპანიისთვის ხარჯების შემცირება აუცილებელი პირობა გახდა; არ ვსაუბრობ მხოლოდ პატარა და საშუალო ორგანიზაციებზე, იმავე გამოწვევის წინაშე დგანან დიდი ორგანიზაციებიც.
– ეს კრიზისული პერიოდის ქცევაა?
– იცით, სხვადასხვა ინდუსტრიაში გაყიდვები საგრძნობლად შემცირებულია. მაგალითად: ტურიზმში ერთია ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები და მეორეა ათასობით ორგანაზიცია, რომელსაც აღარ ჰყავს კლიენტი – რესტორნები, რომელიც დახურვის პირასაა ან უკვე დაიხურა; ასევე, ძალიან ბევრი ტურისტული ობიექტია, რომელიც სეზონზე არ გაიხსნა, რადგან ჯავშნები არ იყო. გამოწვევების წინაშეა ტანსაცმლის ინდუსტრიაც… განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაშია მცირე და საშუალო ბიზნესი. დიდი კომპანიები, ჯერჯერობით, უძლებენ ამას, მაგრამ ოპტიმიზაცია ყველგან მიდის.
როგორც „წერტილთან“ ინტერვიუში ლარისა პატარაიამ განაცხადა, Start – Business Solutions-ი აპირებს, უახლოეს მომავალში, გაიმეოროს წინა წლის დეკემბერში ჩატარებული კვლევა, რომლის მიზანი ბიზნესში მოლოდინების შეფასებაა.
„ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს უჭირს, როგორ შეიძლება ეს შევამჩნიოთ?! – მაგალითად, საინტერესოა სესხების რესტრუქტურიზაცია მაჩვენებელი, რადგან როცა ბიზნესს უჭირს, ისე ვერ ფარავს საკრედიტო შენატანს; მეორე საკითხი, რასაც აუცილებლად დავაკვირდებით, არის უფრო რთული კომპონენტი – ვგულისხმობ რეაბილიტაციის საქმეების წარმოებას“, – თქვა ლარისა პატარაიამ.
Start – Business Solutions-ის მმართველმა პარტნიორმა ინტერვიუში პოლიტიკური კრიზისის და ანტიდასავლური კანონების საინვესტიციო კლიმატზე გავლენაზეც ისაუბრა და თქვა, რომ თუ ქვეყანა ევროატლანტიკურ გზაზე არ დაბრუნდა, არათუ ახალი ინვესტორები არ შემოვლენ, არამედ არსებულ ბიზნესებს გაუჭირდებათ საქმიანობა.
“ამ პირობებში, რუსეთიდანაც კი არ შემოვლენ ინვესტორები” – ამბობს ლარისა პატარაია.
