სრულებით არ გამოვრიცხავ, რომ სოხუმთან და ცხინვალთან მიმართებით საფუძველი ჩაეყაროს ახლებურ მიდგომებს, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან, საქართველოს შეუერთდნენ, გულუბრყვილოა ამ საკითხების ასეთი წარმოდგენა და შეუძლებელია ამის იმედი გქონდეს,- ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტის ტალღასთან დაკავშირებული არ იყო საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური სუვერენიტეტის საკითხი და ვერც იქნებოდა „იმ გარემოში, სადაც რუსეთის დამქაშობა არის წინა პლანზე წამოწეული.“
„მე, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრს და აფხაზეთიდან დევნილს, მიმაჩნია, რომ ამ საკითხებისადმი ყურადღების გამახვილება ჩვენთვის, დანარჩენი საქართველოს პოლიტიკოსებისა და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, იმდენად არის საინტერესო, რომ ადრე არ ყოფილა ასეთი მწვავე საპროტესტო გამოსვლები და მიუხედავად პოლიტიკური ბულინგისა, ზემოქმედების მცდელობისა, შეშინებისა, მაინც იქ მაცხოვრებელმა ადამიანებმა, ბიზნესმენები დავარქვათ თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, გამოხატეს თავისი დამოკიდებულება. რუსეთმა იფიქრა: „რატომ გავამწვავოთ, როდესაც ისინი ჩვენი მხარდაჭერის ეგიდით გამოდიან, შეცვალონ ეს ბჟანია, რა მნიშვნელობა აქვს, ბჟანიას მაგივრად ხუბუა იქნება, პეტრე თუ პავლე, ყველა არის რუსეთის მარიონეტი, ვასალი და რენეგატი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით“. მოგეხსენებათ, რომ ბჟანია გადადგა, დანიშნავენ თუ უკვე დანიშნული არ არის ახალ არჩევნებს, აირჩევენ თავიანთ წარმომადგენელს და გააგრძელებენ საქმიანობას. ისინი თვლიან, რომ მიაღწიეს წარმატებას და შემდგომში გააგრძელებენ აფხაზეთის აღორძინებას.
გვიკავშირდებიან და გვეუბნებიან – მართალია თუ არა, რომ ოპოზიციური ძალა, რომელმაც ეს საკითხები წამოიწყო სოხუმში, თავიანთ დეკლარაციულ გამონათქვამებში აფიქსირებენ, რომ თუ ჩვენ მოვალთ, დავიწყებთ საუბარს თბილისის ხელისუფლებასთან და დაიწყება ეტაპი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და იმ საკითხების მოგვარებისა, რომელიც სოხუმსა და თბილისს შორის არსებობს – ამის მსგავსი ინფორმაცია ჩვენთან არ არის შემოსული და პერსპექტივაშიც არ ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში იქ იქნებიან ძალები ყურადღებული, რომელიც ამ საკითხებს წინა პლანზე წამოწევს. ჯერ იქ ყველაფერი რუსეთის ქვემდებარეობაშია და მათი კონტროლით მიმდინარეობს. რუსეთი ყოველდღე ცდილობს თავის ანექსიურ მოღვაწეობას წერტილი დაუსვას აფხაზეთში. იქ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, პოლიტიკური და ეკონომიკური სუვერენიტეტის მიღწევის საკითხი ამ პროტესტთან დაკავშირებული არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო იმ გარემოში, სადაც რუსეთის დამქაშობა არის წინა პლანზე წამოწეული.
რა პოლიტიკასაც საქართველოს ხელისუფლება ამ მშვიდობის საკითხების შენარჩუნებასთან დაკავშირებით ატარებს, არის ყველაზე უფრო შედეგიანი ამ მომენტისთვის, იმიტომ, რომ თვითონ რუსეთი ვერ გარკვეულა, თვითონ ევროპის ბევრი ქვეყანა ვერ გარკვეულა ხვალ და ზეგ როგორ განავითარონ პროცესები ევროპაში და ზოგადად, რომ მსოფლიოში მესამე ომის დაწყებას არ შეუწყონ ხელი. ამიტომ, ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს. სრულებით არ გამოვრიცხავ, რომ სოხუმთან და ცხინვალთან მიმართებით საფუძველი ჩაეყაროს ახლებურ მიდგომებს, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან, საქართველოს შეუერთდნენ, გულუბრყვილოა ამ საკითხების ასეთი წარმოდგენა და შეუძლებელია ამის იმედი გქონდეს“, – განაცხადა ხუბუამ „კვირის“ პრესკლუბში.
შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო დაიწყო, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ბინების მშენებლობას ითვალისწინებს. ე.წ. პარლამენტს „დოკუმენტის“ რატიფიცირება 15 ნოემბერს უნდა მოეხდინა, თუმცა პროტესტის დაწყების გამო საკითხის განხილვა გადადო. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობები დაიკავეს, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ, ასლან ბჟანია „თანამდებობიდან“ გადადგა, სანაცვლოდ კი, დემონსტრანტებმა „სამთავრობო“ შენობები დატოვეს.