თამაზ მოლაშვილი: ბევრი ცოდვა აქვთ ჩადენილი მოსამართლეებს, გული მწყდება მურუსიძეზე

„შვილი ნელი სიკვდილით მომიკლეს“, — თქვა კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა წულუკიანის კომისიის სხდომაზე.
მან ისაუბრა ციხეში სულხან მოლაშვილის წამებაზე და არაადამიანურ მოპყრობაზე, რაც, თამაზ მოლაშვილის აზრით, ს პირადი შურისძიება იყო, ქვედა რგოლები კი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ პრეზიდენტისთვის ესიამოვნებინათ.
„აუტანელ პირობებში იყო. დასაჯდომი სკამი არ ჰქონდა, სინათლე არ ჰქონდა. ერთი ჭუჭრუტანა იყო, რომ პირი მიედო და ესუნთქა ადამიანს. საჭმელსაც არ აჭმევდნენ წესიერად. ამ წვალებით და დავიდარაბით, კი არ მომიკლეს შვილი, დანა კი არ გაუყარეს, შუბლში ტყვია კი არ დაახალეს, არამედ ნელი სიკვდილით მომიკლეს“, — განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.
თამაზ მოლაშვილის შეფასებით, სულხან მოლაშვილის მიმართ ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილეები არიან ექიმები და მოსამართლეებიც.
„11 თვის განმავლობაში C ჰეპატიტი რომ ჰქონდა, რას უშხაპუნებდნენ, რას უკეთებდნენ. აქ მედიცინის ხალხიც ძალიან ბევრი დამნაშავეა. ერთმა ექიმმა უთხრა, რომ სულხანს C ჰეპატიტი აქვს და „გაჩერდი, ეგ არ თქვა, თორემ ზევით ეწყინებათო“. ეს ზევით იყო სააკაშვილი“, — განაცხადა სულხან მოლაშვილმა.
თამაზ მოლაშვილს ინფორმაციით, სულხან მოლაშვილს სამ-თვიანი [წინასწარი] პატიმრობა სამჯერ შეუფარდეს, თუმცა, ბოლოს დაავიწყდათ, რომ პატიმრობის ვადა ეწურებოდა და თავად მოლაშვილის შეხსენების შემდეგ, ღამის 2 საათზე საკანთან მიიყვანეს პროკურორი და მოსამართლე და პატიმრობა ისე შეუფარდეს, სულხან მოლაშვილს ეძინა.
„ძალიან ბევრი ცოდვა აქვთ ჩადენილი მოსამართლეებს — ერთსაც, მეორესაც, მესამესაც. ყველაზე ძალიან გული რაზე მწყდება, იცით? ბრწყინვალე იურისტია [ლევან] მურუსიძე და როდესაც სტრასბურგმა გაამართლა [სულხან მოლაშვილი] და მურუსიძეს უთხრეს, აი, სტრასბურგმა გაამართლა და შენ კიდევ ასე გააკეთეო, „მაინც ასე გავაკეთებდი მეო“. გული მწყდება სუფთა ადამიანური თვალსაზრისით, არადა, ბრწყინვალე პიროვნებაა. ვიცი, რომ კარგი იურისტია ისე“, — განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.
სულხან მოლაშვილი თანამდებობის უფლებამოსილების გადაჭარბების ბრალდებით 2004 წელს დააკავეს. მან თქვა, რომ პატიმრობისას არაერთგზის გახდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.
სულხან მოლაშვილის საქმეზე საქართველომ სტრასბურგში კონვენციის არაერთი მუხლის, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა აღიარა და მხარეს 20 ათასი ევრო გადაუხადა.
მოსამართლე ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ სულხან მოლაშვილის საქმეზე 2006 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც კონტროლის პალატის ყოფილ ხელმძღვანელს პატიმრობა შეეფარდა, კანონიერი იყო. მურუსიძე მაშინ უზენაესი სასამართლოს იმ კოლეგიის წევრი იყო, რომელმაც ეს საქმე განიხილა.