პაკისტანური ძალების მიერ ავღანეთის ხოსტის პროვინციაში ადგილობრივი მაცხოვრებლის სახლის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე ცხრა ბავშვი და ერთი ქალი დაიღუპა, – ამის შესახებ ავღანეთის „თალიბანის“ მთავრობის პრესსპიკერმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა.
მისი თქმით, პაკისტანმა ასევე ჩაატარა რეიდები კუნარისა და პაკტიკას პროვინციებში, რის შედეგადაც ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
„წუხელ, ხავსტის პროვინციის გერბზვოს რაიონში, პაკისტანის დამპყრობელმა ძალებმა დაბომბეს ადგილობრივი მკვიდრის, ვილაიატ ხანის სახლი, რის შედეგადაც 9 ბავშვი (5 ბიჭი და 4 გოგონა) და ერთი ქალი დაიღუპა და მათი სახლი დაინგრა“, – აღნიშნა მუჯაჰიდმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
რეიდებამდე ერთი დღით ადრე პაკისტანის ქალაქ პეშავარში ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც სამი სამხედრო დაიღუპა.
შეგახსენებთ, ოქტომბერში პაკისტანელი და ავღანელი სამხედროები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა. ოქტომბერში, დოჰაში მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი, თუმცა თურქეთში სამშვიდობო მოლაპარაკებები გრძელვადიანი შეთანხმების მიღწევის გარეშე ჩაიშალა ავღანეთში მოქმედი პაკისტანის მიმართ მტრულად განწყობილი მებრძოლი დაჯგუფებების ირგვლივ არსებული უთანხმოების გამო.




