„თალიბანის“ პრესსპიკერი – ავღანელ და პაკისტანელ სამხედროებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად 58 პაკისტანელი და 9 ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა

ავღანეთის „თალიბანის“ მთავრობის პრესსპიკერის, ზაბიჰულა მუჯაჰიდის განცხადებით, ღამით ავღანეთისა და პაკისტანის სამხედროებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად 58 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა და 30 დაიჭრა.
მისი თქმით, ჩატარებული ოპერაციის შედეგად, პაკისტანის 20 საგუშაგო განადგურდა.
ზაბიჰულა მუჯაჰიდმა ასევე განაცხადა, რომ შეტაკებების შედეგად 9 ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა და 16 დაიჭრა.
„თალიბანის“ პრესსპიკერის ინფორმაციით, ოპერაცია შუაღამისას კატარისა და საუდის არაბეთის მხრიდან მოთხოვნის შემდეგ შეწყდა.
ზაბიჰულა მუჯაჰიდის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო -ხორესანი“ (ISIS-K) ავღანეთში დამარცხდა, ბაზები პაკისტანის ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში შექმნა. „თალიბანის“ პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ავღანეთში ISIS-K-ის ბოლოდროინდელი თავდასხმები ხაიბერ-პახტუნხვაში მდებარე ამ ბაზებიდან იგეგმებოდა და პაკისტანის მთავრობას მოუწოდა, ISIS-K-ის მნიშვნელოვანი წევრები ავღანეთს გადასცენ.
შეგახსენებთ, გუშინ ავღანეთი-პაკისტანის საზღვარზე ავღანეთისა და პაკისტანის უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებები მოხდა. „თალიბანის“ მთავრობამ განაცხადა, რომ „საპასუხო ოპერაციები“ განახორციელა. მანამდე კი „თალიბანის“ მთავრობამ ავღანეთის საჰაერო სივრცის დარღვევასა და მის ტერიტორიაზე მდებარე ბაზრის დაბომბვაში დაადანაშაულა. პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა მოჰსინ ნაკვიმ განაცხადა, რომ ავღანეთის თავდასხმები არაპროვოცირებული იყო. მინისტრის თქმით, მისი ქვეყნის ძალები „თითოეულ აგურს ქვით“ უპასუხებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო