„თალიბანის“ ხელისულების ინფორმაციით, მინიმუმ 800 ადამიანია დაღუპული და 2500 დაშავებული 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, რომელმაც მიწასთან გაასწორა სოფლები.
ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, რომელმაც ავღანეთის აღმოსავლეთში, პაკისტანის საზღვართან ახლოს, ასობით ადამიანი იმსხვერპლა, ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები მიეშურებიან ავღანეთის განაპირა რეგიონისკენ პირველადი დახმარების აღმოსაჩენად, სურსათისა და სამედიცინო საშუალებების მისაწოდებლად.
სტიქიური უბედურება დაატყდა ქვეყანას, რომელიც სიღარიბეშია ჩაძირული, რომელსაც “თალიბანის” მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ შეუმცირდა საერთაშორისო დახმარება და სადაც ბოლო ხანებში მეზობელი ქვეყნებიდან ასობით ათასი ავღანელი ლტოლვილი ბრუნდება.
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა ქაბულში სალამ ალ-ჯანაბიმ განაცხადა, რომ „სოფლები იმგვარად არის განაშენიანებული, რომ სახლები ტერასებად არის განლაგებული. ეს ნიშნავს, რომ შენობები ერთმანეთის თავზეა და ამის გამოა ასეთი დიდი რაოდენობის მსხვერპლი“.
ნანგაჰარის პროვინციის დარა ნურის რაიონში მცხოვრებლებმა რთე/რთ-ს “რადიო აზადის” უთხრეს, რომ მიწისძვრის შემდეგ ბიძგები 1 სექტემბერს, დღის განმავლობაშიც იგრძნობოდა. ძლიერი მიწისძვრა 31 აგვისტოს შუაღამემდე ცოტა ხნით ადრე მოხდა.
“სასწრაფოდ გვჭირდება კარვები და მყისიერი დახმარება საავადმყოფოში დაშავებულების სამკურნალოდ. არ გვაქვს სურსათი და ყველაფერი განადგურდა, ჩვენი სახლები, ტექნიკა, სამზარეულო. არაფერი გადარჩა”, – ამბობს შად ნურ მაზლუმიარი.
ნანგაჰარის კიდევ ერთ, 35 წლის მკვიდრი შუკრულაჰ ჰალიმი ამბობს, რომ “ადამიანებს სახლები დანეგრათ. ყველაფერი მიწასთან არის გასწორებული. არის სამედიცინო დახმარების კომპლექტების, სურსათისა და აუცილებელი ნივთების გადაუდებელი საჭიროება”.
იუნისეფის წარმომადგენლის თქმით, დაახლოებით 600 სახლი დაინგრა და რომ კარვებში გაჩერება მცირე ხნით შესაძლებელია, თუმცა მომდევნო კვირებში აღნიშნულ არეალში აცივდება.
მაღალმთიან, მიუდგომელ რეგიონში ჩარჩენილი დაშავებული ადამიანები ვერტმფრენით გამოიყვანეს. “თალიბანის” მაღალჩინოსნების განცხადებით, ლანდშაფტი ართულებს დახმარების მიწოდებას.
“თალიბანის” მთავრობის სპიკერ ზაბიულა მუჯაჰიდის განცხადებით, მოელიან, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება. მისი სიტყვებით, დაახლოებით 800 ადამიანია დაღუპული კუნარის პროვინციში, 12 ადამიანი – ნანგაჰარის პროვინციაში.
ძლიერი მიწისძვრა ავღანეთში 2023 წლის ოქტომბერშიც მოხდა და მაშინ მსხვერპლის რაოდენობამ, “თალიბანის” მონაცემებით – 4 ათასს, გაეროს ინფორმაციით, 1500-ს მიაღწია.
ბოლო ძლიერი მიწისძვრა 31 აგვისტოს 23:45 სთ-ზე მოხდა, ქალაქ ჯალალაბადის ჩრდილო-აღმოსავლეთით 27 კილომეტრში.
გერმანიის გეომეცნიერებების კვლევის ცენტრის თანახმად, 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 20 წუთში მოჰყვა 4.5 და 5.2 მაგნიტუდის ბიძგები.
ბიძგები იგრძნობოდა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრიდან 300 კილომეტრზე უფრო შორს მდებარეობს.
ნანგაჰარის პროვინციაში, მიწისძვრამდე, გასულ შაბათ-კვირას ძლიერი წყალდიდობა მოხდა, რომელსაც 5 ადამიანი შეეწირა, განადგურდა მარცვლეულის მოსავალი.
