ყველაზე ნაყოფიერი შეხვედრა დღეს იყო, გამოიკვეთა ის აზრი, რომ ამ ხელისუფლებას არ შეიძლება შეჰყვე არჩევნებში, რადგან ეს არ არის დემოკრატიული მექანიზმით მომუშავე ხელისუფლება, – ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა პაატა ბურჭულაძის მიერ ორგანიზებული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელსაც პოლიტიკურ პარტიებთან ერთად აქტივისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მისი თქმით, ოპოზიციის შეხვედრებზე საუბარი მიმდინარეობს იმაზე, თუ რა გამოსავალი უნდა იპოვონ ხელისუფლების ოპონენტებმა დიდი სახალხო არჩევნების ჩასატარებლად.
„შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ დღეს ნამდვილად შედგა ერთობა, არა მხოლოდ პარტიების, სამოქალაქო სექტორისაც.
როდესაც ხელისუფლება არჩევნებზე საუბრობს, ბუნებრივია, ადამიანები კითხვას სვამენ, რომ ამ პირობებში როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები. ხომ ვხედავთ, რასაც აკეთებენ, არ სჭირდება ამას დიდი ოპოზიციონერობა, რომ მიხვდე, ხელისუფლება დასავლეთთან მკვეთრად დაპირისპირებულია, ამიტომ, ვკითხულობ, რა დემოკრატიულ არჩევნებზეა საუბარი, ასე ბრეჟნევიც ატარებდა არჩევნებს. ამაზე მიდის ზუსტად მსჯელობა. როდესაც ხელისუფლება საუბრობს, რომ ის ემზადება არჩევნებისთვის, ბუნებრივია, რიგით მოქალაქეს უჩნდება კითხვა, რა დემოკრატიაზეა საუბარი, როცა ყოველ წამს ვიღაცას იჭერენ, სასამართლო არ არის თავისუფალი, დასანქცირებული მოსამართლეები გვყავს.
საუბარი არის გამოსავალზე, როგორ მოხდეს ისე, რომ ჩატარდეს მართლა სახალხო არჩევნები და ეს არ იყოს ხელისუფლების არჩევნები. ამაზე მიდის მსჯელობა, ეს არ არის გადაწყვეტილი, ზუსტად ამიტომ არის ეს შეხვედრები, დღეს მესამე შეხვედრაა. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ნაყოფიერი შეხვედრა დღეს იყო, გამოიკვეთა ის აზრი, რომ ამ ხელისუფლებას არ შეიძლება შეჰყვე არჩევნებში იმიტომ, რომ ეს არ არის დემოკრატიული მექანიზმით მომუშავე ხელისუფლება“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
კითხვაზე, აღნიშნული ოპოზიციური ერთობა გაემიჯნა თუ არა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმას, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ლიდერად ვერ გამოიკვეთა.
„თქვენ გახსოვთ 31 მარტი, მე ვფიქრობ, ქალბატონი სალომე ლიდერად ვერ გამოიკვეთა. ჩემგან ეს საწყენი არ იქნება, ეს ჩემი აზრია და არ ნიშნავს მის მიმართ უპატივცემულობას. თუ გახსოვთ, მაშინ ხალხის მოთხოვნა იყო არდაშლა და პაატა ბურჭულაძეს მოუწია მიკროფონთან მისვლა. ეს იყო შეკრება, სადაც პარტიები არაფერს არ მართავენ. ახალგაზრდები ბევრნი იყვნენ და მე ეს მომეწონა ზუსტად, რომ დომინანტი ერთი პარტია არ იყო“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.
