თვენახევრის წინ ბრუკლინში ყვავილების ქართული მაღაზია „Fionas House”-ი გაიხსნა. როგორც მისმა დამფუძნებელმა თეონა ჯგერენაიამ „კომერსანტთან“ განაცხადა, ყვავილების მაღაზიისა და კაფეს გახსნის სურვილი დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა, თუმცა იმის გამო, რომ კაფე დამატებითი ლიცენზიების მიღება სჭირდება, თავდაპირველად მისი გახსნისგან თავს იკავებდა. მიუხედავად ამისა მომხმარებლის მოთხოვნის გათვალისწინებით ახლო მომავალში მაღაზიის სტუმრებს ყავას და ტკბილეულსაც შესთავაზებენ.
მაღაზიაში ყვავილების გარდა ქართული სუვენირებიც იყიდება, ასევე მაგიდის გადასაფარებლები და შარფები. ყვავილების მაღაზია არტგალერეის ფუნქციასაც ითავსებს, მასში თავად თეონა ჯგერენაიას ნახატებია გამოფენილი.
„გვექნება ქართული ჩურჩხელა და ქართული ჩურჩხელისგან დამზადებული ორცხობილებიც, რომელიც ჯერ არსად არ კეთდება. ამას ჩვენი ქართველი გოგო აკეთებს. გამოვიდა ყვავილების მაღაზია, პატარა არტგალერეა, სადაც ვაწყობთ ხოლმე ხატვის დღეებს, გვექნება ტკბილეულიც და ვნახოთ როგორ იმუშავებს,“- აღნიშნა თეონა ჯგერენაიამ.
რაც შეეხება იმას, თუ ვინაა მაღაზიის მომხმარებელი, თეონა ჯგერენაია ამბობს, რომ Fionas House-ს სტუმრობს როგორც ქართველი, ასევე ამერიკელი, ებრაელი, ბერძენი და იტალიელი მომხმარებელი. მომხმარებლის სქესიც და ასაკიც მრავალფეროვანია.
თეონა ჯგერენაიას თქმით, ბიზნესი სამომხმარებლო სესხით დაიწყო.
„მქონდა კარგი საკრედიტო ისტორია, თუმცა თუ მინიმუმ ერთი წლის ბიზნესი არ ხარ ბიზნესსესხს არ გაძლევენ, ამიტომ ეს ყველაფერი დავიწყე არა ბიზნესსესხით, არამედ სამომხმარებლო სესხით. ლიცენზიებსაც ვერ ვიტყვი რომ სხვა ქვეყანაზე რთულადაა ან მარტივად. ჩემი გამოცდილებით ბუღალტერია აქ უფრო მარტივია ვიდრე საქართველოში. საქართველოშიც მქონია ყვავილების სფეროსთან შეხება და თითო გაფუჭებულ ყვავილზე აქტი უნდა დაგვეწერა. აქ გაქვს კაპიტალი, შემოსავალი, ხარჯი, ნაშთი. აქ გაცილებით მარტივია, სახელმწიფო მაქსიმალურად უწყობს ხელს თუნდაც პატარა ბიზნესს რომ წინ წავიდეს.“- აღნიშნა მან. თეონა ჯგერენაიას თქმით, საბანკო სფეროში გარკვევასა თუ სესხისთვის საბუთების შეგროვებაში მას იქ მცხოვრები ქართველები დაეხმარნენ. ასევე მისი მაღაზია ქართველ ბუღალტერთან თანამშრომლობს.
თეონა ჯგერენაიას თქმით თავდაპირველად ყვავილების ქართული მაღაზია სამეზობლომ გაიცნო, რაც შეეხება სოციალური ქსელით ინფორმაციით გავრცელებას, როგორც მან აღნიშნა, ამერიკაში ამ მხრივ ყველაზე კარგად მუშაობს გუგლი და შესაბამისად აქედანაც დაიწყო მომხმარებელმა მათი მოძიება. შემდეგი ეტაპი კი იყო სასტუმროებსა თუ სხვა დაწესებულებებში მათი მომსახურების შეთავაზება.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, თეონა ჯგერენაიას თქმით, აპირებს, რომ Fionas House-ში არტის მიმართულება უფრო მეტად განავითაროს