საინტერნეტო გამოცემა „უკრაინსკა პრავდის“ ცნობით, რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში მდებარე სანავთობო და სამხედრო დანიშნულების საწარმოებზე შორი მოქმედების დრონებით იერიში უკრაინის დაზვერვისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი სპეცოპერაციის ფარგლებში განხორციელდა. უკრაინული წყაროების ცნობით, დრონის იერიშის შედეგად განადგურდა ნიჟნეკამსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, ადრეული ნავთობის გადამამუშავებელი დანადგარი.
მანამდე, რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ თანახმად ერთი დრონი თავს დაესხა ქალაქ ნიჟნეკამსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „ტანეკოს“, რომელსაც გაუჩნდა ხანძარი. მაგრამ ქალაქ ნიჟნეკამსკი მერმა, რამილ მულინმა უარყო ეს ცნობა და განაცხადა, რომ უპილოტო თვითმფრინავი ქალაქთან მოახლოებამდე რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემით იქნა ჩამოგდებული.
ტელეგრამის არხი ” ოსტოროჟნო, ნოვოსტი “წერს, რომ თათრეთის ქალაქ იელაბუგაში დრონის იერიშის შედეგად დაზიანდა ჰოსტელის კომპლექსი, რომელიც 2022 წელს სპეციალური ეკონომიკური ზონის თანამშრომლებისა და ადგილობრივი კოლეჯის” ალაბუგა პოლიტექის” სტუდენტებისთვის აშენდა.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, თათრეთში, „ალაბუგის“ სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში ორგანიზებულ იქნა ირანული „შაჰედის“ კლასის დრონების მოდიფიცირებული ვერსიის „გერან-2“-ის წარმოება, რისთვისაც ზემოხსენებულ კოლეჯ “ალაბუგა პოლიტექის” სტუდენტების სამუშაო ძალას იყენებენ.
როგორც რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს, მხოლოდ გასულ შემოდგომაზე უკრაინაზე განხორციელებულ საავიაციო იერიშების დროს რუსეთის არმიამ 600-ზე მეტი ასეთი დრონი გამოიყენეს.
რუსეთის სხვადასხვა რეგიონში მდებარე საწარმოებზე, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით შეტევა საკმაოდ ხშირია. ამ რეგიონებს შორის პირველად აღმოჩნდა თათრეთი.
რუსეთი თავის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით „ტერორისტულ შეტევებში” უკრაინას ადანაშაულებს. კიევი ოფიციალურ კომენტარს, როგორც წესი, არ აკეთებს.
ერთი კვირის წინ Financial Times-ი წერდა, რომ შეერთებულმა შტატებმა სავარაუდოდ მოუწოდა უკრაინას არ მიიტანოს იერიშები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და სხვა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ვაშინგტონში შიშობენ, რომ ამან, შესაძლოა, ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა და კიდევ უფრო ფართო ესკალაცია გამოიწვიოს. უკრაინის პრეზიდენტის აპარატმა ვაშინგტონის მხრიდან ასეთი მოწოდების შესახებ ინფორმაცია უარყო.