ელინისტი, პოეტი, მთარგმნელი და მკვლევარი, თათია მთვარელიძე:
რობერტ სტურუას სპექტაკლი არ მინახავს, ამიტომ ვერაფერს შევაფასებ. ვიდეოებში რაც ვნახე ის არ მომეწონა – არა იმიტომ რომ ვიზუალურ დონეზე რამე უხამსი იყო (არც უმაგისობაა, მაგრამ მაინც), არამედ იმიტომ, რომ ამ საკრალურად პოეტური ტექსტის ამგვარი ხრიალი, რუსთაველის ქართულის ამგვარი აგდება მსახიობების – უკაცრავად, მაგრამ – ყროყინით, უკუდურესად ვულგარული და მიუღებელია, ვეფხისტყაოსნის ტექსტის გაუპატიურებაა და სხვა არაფერი. თუმცა მაინც ეს ზედაპირული შთაბეჭდილებაა და მეტის თქმას მხოლოდ მაშინ შევძლებ, რაც სპექტაკლს ვნახავ.
მაგრამ რისი თქმაც დანამდვილებით შემიძლია და რის გამოც იწერება ეს სტატუსი, არის შემდეგი: ჩვენ ვიქეცით უკიდურესად ფარისეველ ხალხად, პრინციპების უქონელ ხალხად ვიქეცით და ამას წყალი არ გაუვა. ვკითხულობ აქ სტატუსებს და სიმწრის სიცილი თუ არსებობს, ეგაა – გუშინ დათა თავაძის სპექტაკლის მაგინებელი ხალხი, კვერცხებით ხელში შეიარაღებული ხალხი, ეროვნულღირსებაშელახული ხალხი იმის გამო რომ იქ სცენაზე ვიღაცას საჯდომი გამოუჩნდა და ვიღაცამ რაღაც თქვა, აი ეს ხალხი დღეს ხმალამოღებული იცავს სტურუას მიერ სცენაზე სტრიპტიზკლუბის მოცეკვავის სამოსითა და ქცევით შემოკვნესებულ თინათინს…. ხალხი, რომელიც ლაშა ბუღაძის „პირველი რუსის“ ერთ უწყინარ ფრაზას თამარზე საყოველთაო ეროვნულ შეურაცხყოფად აღიქვამდა და ამის გამო ავტორისადმი ფიზიკური ანგარიშსწორებასაც არ ერიდებოდა, დღეს შედევრს უწოდებს სტურუას თინათინს – თამარ მეფის პროტოტიპს და განგებ ივიწყებს საკუთარ თეზას – წმინდა თამარის ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით, რის გამოც თავის დროზე ლაშა ლამის ანათემას გადასცეს. ხალხი, რომელიც პაატა შამუგიას ჩემი აზრით, სრულიად არაჩვეულებრივი „ანტიტყაოსნის“ გამო ლამის ანაფილაქსიურ შოკს იმართებდა და ბრაზის გადმონთხევის ყველა ხერხს იყენებდა, დღეს სტურუას „ბრავო მაესტრო, ბრავო მაესტრო“ შეძახილებით ეგლასუნება… ერთ-ერთ ქართველ კრიტიკოსს (გვარს არ დავასახელებ, ისედაც ყველა მიხვდება), რომელიც გუშინ თამთა მელაშვილის წიგნში წაკითხული რამდენიმე უხამსი სიტყვის გამო ყურებს ხუჭავდა და წიგნს ოჯახის წევრებს უმალავდა, დღეს სტურუას სპექტაკლში წარმოდგენილი უხამსი და ვულგალური სცენები უმაღლეს ხელოვნებად მიაჩნია და საქებარ სიტყვებს არ იშურებს…
მეორე მხრივ, ხალხი, რომელიც გუშინ გაჰყვიროდა – ხელოვნება თავისუფალია და ხელშეუხებელიო, დღეს სტურუას ამ სპექტაკლის გამო გაუთავებლად ვიშვიშებს. ის ხალხი, რომელიც გუშინ ცენზურის წინააღმდეგ გამოდიოდა, დღეს უნებლიე ცენზორებად გვევლინებიან – მართალია სპექტაკლის აკრძალვას არ ითხოვენ, მაგრამ დიდად არაფერი უკლიათ მაქამდე. ხალხი, რომლისთვისაც გამოხატვის თავისუფლება წმიდათა წმინდა ფენომენია, დღეს სტურუას აკრიტიკებს – რატომ გამოხატა საკუთარი ხედვა ასე და არა ისეო…
ხოდა, ეგაა ჩვენი უბედურება – ფარისეველ ხალხად გვაქციეს თუ ვიქეცით, არ ვიცი. პირადად მე სტურუას კარგი სპექტაკლი არ მინახავს – რაც მინახავს, ხოლოდ კიჩი, სისულელე და უნიჭობა. ის, რაც ძველად შეეძლო, ადრე იყო და მხოლოდ ვიდეოჩანაწერებიდან ვიცი. გულწრფელად რომ ვთქვა, არც იმ ძველით ვარ დიდად შთაგონებული. ბოლოს სტურუას მიერ დადგმული „ელექტრა“ რომ ვნახე, მაშინ ვთქვი – ამ კაცის სპექტაკლებზე დროს აღარ დავკარგავ-მეთქი. ამდენად, არც არაფერ კარგს არ ველი რეჟისორისგან, რომელსაც ბოლო 30 წელია ნიჭიერებისა არაფერი ეტყობა. მაგრამ ერთ რამეში კი უდავოდ ნიჭიერია: კიდევ ერთხელ იდეალურად წარმოაჩინა ამ კაცმა ქართველი ხალხის ფარისევლობა და იდიოტიზმი.




