თათია მექვაბიშვილი: ეს ხელისუფლება, არის ხელისფლება, რომელიც ეთამაშება საკუთარ საზოგადოებას

“ეს ხელისუფლება, არის ხელისფლება, რომელიც ეთამაშება საკუთარ საზოგადოებას” – ამის შესახებ ჯგუფ “წინაპრების” დამფუძნებელმა, თათია მექვაბიშვილმა განაცხადა.

  • თათია მექვაბიშვილი მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალების აქტის 22:30 საათამდე არ გამოქვეყნებას ეხმიანება.

მისი თქმით, “პასუხისმგებლიანი ხელისუფალი” დილითვე გამოვიდოდა და ადამიანებს ეტყოდა რისი იმედი უნდა ჰქონოდათ და რისი არა.

მე არაფრის მოლოდინი არ მაქვს, პირიქით, ეს ხელისუფლება არის ხელისფლება, რომელიც ეთამაშება საკუთარ საზოგადოებას. ეს დღევანდელი მათი მოქმედება, დასჭირდათ ბოლო წუთამდე მიეყვანათ, სპეციალურად… ის კი არა, რომ მარტო ბჭობდნენ და ფიქრობდნენ აბა როგორ მოვიქცეთ, ახლა რომელიმე სინდისის პატიმარი ხომ არ შევიწყალოთ, პირიქით ისინი ახლა ამ ყველაფერს ფიქრობდნენ, რომ რაც მეტად დაგვაგლიჯავდნენ ნერვებს ამაზე იყვნენ მოტივირებული იმიტომ, რომ ადამიანები მთელი დღე იდგნენ საპატიმროს კართან. 

თვალებიდან არ ამომდის იმ დედის თვალები, რომელსაც დაურეკა თავისმა შვილმა, ტერაშვილის დედაზე ვსაუბრობ, ადამიანი მთელი დღე აყურყუტეს და პასუხიც ვერ გასცა მაშინ, როცა პასუხისმგებლიანი ხელისუფალი უნდა გამოსულიყო დილით და დილით წაეკითხა ან ეთქვა – ვბჭობთ, დაელოდეთ, ან არ დაელოდოთ, ან არ გეკუთვნით თქვენ შეწყალება. 

არაფერი არ აქვთ ამ ადამიანებს შესაწყალებელი. ეს უბრალოდ იქნებოდა ერთი გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც საზოგადოება დაინახავდა, რომ ეს ადამიანები რაღაცაზე დაფიქრდნენ… პირიქით ჩვენ ვხედავთ გაბოროტებულ ადამიანების ჯგუფს, რომელსაც არაფერი აქვთ საერთო მმართველობასთან, ისინი მხოლოდ და მხოლოდ წარმოადგენენ რაღაც ბანდას და ჩაბღაუჭებული ამ ხელისუფლებას,” – თქვა თათია მექვაბიშვილმა.