თათია მაისურაძე: არასრულწლოვანზე სასტიკი ძალადობის საქმესთან დაკავშირებით რა მოხდა სინამდვილეში…

იურისტი, 2022 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი თათია მაისურაძე:
არასრულწლოვანზე სასტიკი ძალადობის საქმესთან დაკავშირებით
რა მოხდა სინამდვილეში:
◾️ 2025 წლის 11 სექტემბერს ღამის საათებში, მაღაზია „ორი ნაბიჯი“-ში გადახდის სალაროსთან, მომხმარებლებელთა რიგში სიტყვიერი შეკამათება მოხდა ბრალდებულ ხატია ვიბლიანსა და მაღაზიის მოლარე-ოპერატორს შორის;
◾️ შეკამათება გამოწვეული იყო ბრალდებულის დაჟინებული მოთხოვნით – გაეტარებინა იგი მოლარე-ოპერატორს ურიგოდ, რაზეც მან რამდენჯერმე მიიღო უარი, ვინაიდან მოლარე-ოპერატორი უკვე ემსახურებოდა სხვა, რიგში მდგომ ერთ-ერთ მომხმარებელს;
◾️ ბრალდებული მოლარე-ოპერატორის მიმართ გამოირჩეოდა აგრესიული და უხეში დამოკიდებულებით და კატეგორიულად მოითხოვდა შეესრულებინა მისი მოთხოვნა ურიგოდ გაშვების შესახებ;
◾️ მოლარე-ოპერატორის დაცვისა და შექმნილი დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა არასრულწლოვანმა ბრალდებულს უთხრა, რომ ისედაც მალე მოუწევდა რიგი და შეძლებდა მაღაზიის დატოვებას;
◾️ კატეგორიულად ვადასტურებ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნის მიერ ნათქვამი არცერთი სიტყვა ან ქმედება არ ყოფილა ზრიდილობისა და საზოგადოებაში მისაღები ნორმის ფარგლებს მიღმა გამოხატული ან/და შეურაცხმყოფელი;
◾️ არასრულწლოვნის მცდელობას, განემუხტა შექმნილი დაძაბული მდგომარეობა და მოლარე-ოპერატორი დაეცვა დაუმსახურებელი აგრესიისაგან, ბრალდებულის მხრიდან მოჰყვა არასრულწლოვნის მიმართ მყისიერი აგრესია, რომელიც თავდაპირველად სიტყვიერ, მძიმე შეურაცხყოფაში გამოიხატა, ხოლო შემდგომში ფეხების გამოყენებით არასრულწლოვნის მიმართ მძიმე ფიზიკურ ძალადობაში;
◾️ თვითმხილველ პირთა განმარტებებით, მაღაზიაში მყოფი ადამიანები ცდილობდნენ ბრალდებულის აგრესიული ქმედებების შეკავებას და ცდილობდნენ იგი არ მიეშვათ არასრულწლოვანთან ახლოს, რომელიც დაჟინებით მოუწოდებდა არასრულწლოვანს კამერებისგან მოშორებით, მაღაზიიდან გარეთ გასვლისკენ;
◾️ ბრალდებული მაღაზიის გარე ტერიტორიაზე შეგნებულად დაელოდა არასრულწლოვანს, რათა სასტიკად გასწორებოდა მას ისეთ ადგილას, რომელსაც მაღაზიის არც შიდა და არც გარე პერიმეტრის ვიდეოსამეთვალყურეო კამერები არ იწერდა;
◾️ კადრები, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, გადაღებულია არა მაღაზიის, არამედ მოპირდაპირე კორპუსზე განთავსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მიერ;
◾️ მაღაზიის შიდა პერიმეტრზე განლაგებულია არაერთი ვიდეოსამეთვალყურეო კამერა, სადაც ზედმიწევნით გამოჩნდება ზემოაღნიშნული ფაქტები;
◾️ ამჟამად, მიმდინარეობს ზემოხსენებული ვიდეოჩანაწერების კანონით დადგენილი წესით გამოთხოვა. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებს აქვს არსებითი მნიშვნელობა, რათა საზოგადოებამ კიდევ უფრო მკაფიოდ დაინახაოს სიმართლე;
◾️ დაუშვებელია საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა, თითქოს არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სასტიკი ქმედებები გამოიწვია სწორედ არასრულწლოვნის მიერ განხორციელებულმა რაიმე სახის მაპროვოცირებელმა ქმდებამ ან/და შეურაცხყოფამ;
◾️ სამწუხაროა, რომ ამ დრომდე ვხედავთ ბრალდებულის უკიდურესად არაგულწრფელ და მრავალგზის ცვალებად პოზიციას – ზოგ შემთხვევაში აღიარებისა და მონანიების, ზოგ შემთხვევაში კი – ბრალეულობის ისრის არასრულწლოვნის მისამართით მომართვის მცდელობას;
◾️ ყოველი ცალკეული მცდელობა, რომელიც მიზანმიმართულად ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, იქნება წარუმატებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო ცესკოს მაღალი სტანდარტებით ჩატარებული არჩევნებისთვის… მინდა მადლობა გადავუხადო პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში