თათია აფრიამაშვილის დედა: არ ვიცი, სად ჰყავთ სტუდენტები გადაყვანილი

რუსთაველის გამზირზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ უწყვეტი პროტესტის მონაწილე სტუდენტების დაკავებიდან 1 საათზე მეტი გავიდა, თუმცა დაპატიმრებულების მშობლებმა მათი შვილების ადგილმდებარეობა ამ დრომდე არ იციან.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის დაკავებული სტუდენტის, თათია აფრიამაშვილის დედა “პირველებს” ეუბნება, რომ პოლიციის მიერ ახალგაზრდების მანქანაში ძალის გამოყენებით ჩატენვის შესახებ სოციალური ქსელებიდან გაიგო.

ჩემ შვილთან დაკავშირებით არაფერი ვიცი. არ ვიცით, სად ჰყავთ გადაყვანილი. ვიდეო ვნახე Facebook გვერდზე. სამსახურში ვიყავი იმ მომენტში და წამოვედი იმ წუთში. დღეს არ ვიყავი ამ ბავშვების გვერდით, მაგრამ 24/7-ზე მათ გვერდით ვარ. აქ ვათენებ და აქ ვაღამებ. ეს ბავშვები არ დაიშლებიან. 64 დღე სიცივეში, ყინვაში გაატარეს უნივერსიტეტის წინ. მიუხედავად ამისა, ამ ბავშვებს არაფრის ეშინიათ, ამ ბავშვებს ვერაფერი ვერ გატეხავს, ვერ გატეხავს ივანიშვილის რეჟიმი, რომელსაც ახალ-ახალი რეპრესიები შემოაქვს.

დღეს დაიჭირეს ჩემი შვილი. იქამდე ვიდგები აქ, სანამ საჭირო იქნება. მე ჩემი შვილების გვერდით ვიდგები. რა სისულელეებს აკეთებენ. პლასტმასის სკამების შემოტანის გულისთვის, რა დღეში არიან. გუშინაც ერთი ამბავი შექმნეს. ბავშვი გაჩხრიკეს. რა აღმოუჩინეს, არაფერი, მოდიოდა ცარიელი ჩანთით. კრიმინალებს სდიონ ქუჩაში, ხალხს რომ ხოცავენ და არ იქნება ამდენი კრიმინალი. მაგრამ ამათ არ აინტერესებთ, ესენი არიან ფულზე გაყიდული მილიცია. ფულზე გაყიდეს ქვეყანაც”. – განაცხადა მელანო ცეცხლაძემ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უწყვეტი პროტესტის მონაწილე სტუდენტების დაკავება დაიწყო – პოლიციამ ხელბორკილები სამ ახალგაზრდას, მათ შორის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებს დაადო.

რუსთაველის გამზირზე დაპატიმრებულთა შორის არიან თაკო გვილია და თათია აფრიამაშვილი. მათთან ერთად ასევე დააკავეს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ლუკა გოგია, რომელმაც გოგონების დაკავების შემდეგ პოლიციას ტაში დაუკრა.

პარლამენტთან დაკავებების სერია მას შემდეგ დაიწყო, რაც ძლიერ წვიმაში მყოფი ახალგაზრდებისთვის მოქალაქეებმა პლასტიკის სკამები მიიტანეს. ვახო გომელაურის უწყების წარმომადგენლებმა სტუდენტებს სკამები წაართვეს, შემდეგ კი ძალის გამოყენებით დაკავების მანქანაში ჩატენეს. ახალგაზრდებთან ერთად “დაპატიმრებულია” სკამებიც.