“ბოლო დღეების განმავლობაში, მშვიდობიანი, ოპოზიციური პარტიებისგან აბსოლიტურად დამოუკიდებელი და ულამაზესი, უფერადესი მარშებით და პროტესტით, გუშინ კი ერთობის ჯაჭვით, ქართველმა ხალხმა აჩვენა სიძლიერე, ინტელექტი და ადამიანობის მაგალითი. ძალიან ამაყი ვარ ამ ქართველებით და საერთოდ ქართველობით.
ამდენი ჭუჭყის ცხების, ნაცობის დაბრალების, რადიკალების ძახილის და ლანძღვის მიუხედავად ეს ხალხი აგრძელებს ძალიან კულტურულ პროტესტს. ჩემთვის იქ დგას ინტელიგენცია!
ერთობის ჯაჭვი იყო სიმბოლო სიყვარულის, იმედის და ნათელი მომავლის რწმენის.
თითოეული ადამიანი ვინც გუშინ ჯაჭვში ჩაება არის ამ ქვეყნის სულის ნაწილი. ყოველდღე ვამტკიცებთ რომ ინტელექტს, კულტურას და სიმართლეს შეუძლია მოერიოს შიშს და რეპრესიებს.
სალომე ზურაბიშვილის დიდი გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მისი დღევანდელი საქციელი პატივისცემას იმსახურებს, მან დატოვა პრეზიდენტის სასახლე, რაც ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო და შეეცადა ხალხის სხვა ლოკაციაზე მობილიზებას, სანამ პარლამენტში ინაუგურაცია მიმდინარეობდა.
ამასთან კონტრასტში გვყავს ახალი პრეზიდენტი, სიმბოლო იმისა, როგორ არასერიოზულად უდგება ხელისუფლება ქვეყნის ლიდერის როლს. პრეზიდენტი უნდა აერთიანებდეს, ინსპირაციას აძლევდეს და ანვითარებდეს ქვეყანას და არ იყოს პოლიტიკური თამაშების მარიონეტი. ყაველაშვილი არა მხოლოდ იმედგამაცრუებელია, ის არის შეურაცხყოფა ქართველი გმირების, ინტელიგენციის და ქართველი ხალხის ღირსების.
მათ, ვინც სხვა რეალურ ძალას ვერ ხედავთ, გეტყვით რომ აბსოლიტურად გეთანხმებით, ამ პერიოდში კიდევ უფრო ცხადი გახდა ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ არსებული არ უნდა გავაკრიტკიკოთ და უფლება მიცვეთ გააკეთონ ის რაც უნდათ?
“ის ვინც არ რეაგირებს ბოროტებაზე ისეთივე დამნაშავეა როგორც ის, ვინც ამ ბოროტებას აკეთებს. ის, ვინც იღებს მას პროტესტის გარეშე, ხდება ამ ქმედების თანამოკავშირე” – მარტინ ლუთერ კინგი.
და ბოლოს, ჩვენ დავრჩებით ძლიერები და მიზანმიმართულები. “შეიძლება არ იცოდე რა შედეგები მოჰყვება შენს ქმედებას, მაგრამ თუ არაფერს გააკეთებ, შედეგი არ იქნება” – მაჰათმა განდი.
ჩვენ ვართ განათლებული, მოაზროვნე, კულტურული საზოგადოება, რომელიც იბრძოლებს დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებებისთვის და ევროპული მომავლისთვის. ჩვენ ყოველთვის ამოვიღებთ ხმას არასწორ და არასამართლიან ქმედებებზე და არ დავუხრით თავს ხელისუფლებას მხოლოდ იმიტომ, რომ მას “ძალაუფლება” აქვს. უნდა ვისწავლოთ ხმის ამოღება და ჯანსაღი პროტესტი, არ აქვს მნიშვნელობა ვის მხარეს ხარ, უნდა იყო ქვეყნის მხარეს!
We are Georgia. We are strong. We will not stop,” – წერს სოციალურ ქსელში მარკეტინგის სპეციალისტი თათა დუმბაძე.