თაზო დათუნაშვილი – ხალხო, ახლა რასაც გიკეთებენ, ეს მამუკა ხაზარაძის დასჯა კი არა, დემონსტრირებაა, რომ აბსოლუტურად ყველას შეეხებიან – ვინც აზრს გამოხატავს, ყველა დაისჯება!

ხალხო, ახლა რასაც გიკეთებენ, ეს მამუკა ხაზარაძის დასჯა კი არაა, ეს ყველასთვის დემონსტრირებაა, რომ აბსოლუტურად ყველას შეეხებიან. ვინც აზრს გამოხატავს, ყველა დაისჯება! – ამის შესახებ „ლელო -ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა მათი პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიმართ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, 8 თვიანი პატიმრობის შეფარდების განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ავტოკრატიის დამყარება სურს.
„მთელი ეს პროცესი, რომელიც საქართველოს სასამართლოების გამოყენებით ხდება, იქნება ეს „სინდისის პატიმრების“ დაპატიმრება, სამოქალაქო აქტივისტებზე საქმეები თუ პოლიტიკური ლიდერების ციხეში აღმოჩნდება, ყველაფერი ამის მიზანია, ბატონყმობა, რომ აღადგინონ ამ ქვეყანაში და ამის ნორმალიზება მოახდინონ ხალხის დაშინების გზით. სხვა გზა ვერ იპოვეს, ტყუილი მეტრის გამოგონებამ არ იმუშავა. ახლა სხვა ეტაპზე გადავიდნენ, რომ საზოგადოების სხვადასხვა ფენაში შიში გააჩინონ და სამაგალითოდ დასაჯონ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც მათ ებრძვიან. ეს პროცესი რთულია. ამ დაპატიმრებებით, როგორც მანამდე „სინდისის პატიმრებით“, ჩვენს ბრძოლაში დიდი არაფერი იცვლება. ჩვენი ბრძოლა იქნება ბოლომდე იმისთვის, რომ ამ ქვეყნის დეოკუპაცია მოხდეს. ახლა რასაც გიკეთებენ, ხალხო, ეს მამუკა ხაზარაძის დასჯა კი არაა, ეს ყველასთვის დემონსტრირებაა, რომ აბსოლუტურად ყველას შეეხებიან. მათ წინააღმდეგ ვინც აზრს გამოხატავს, ყველა დაისჯება. ასე უნდათ ავტოკრატიის დამყარება, ძალადობის სპირალით. ჩემი აზრით, ქართულ საზოგადოებაში არ უნდა გამოუვიდეთ!“ – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.