ხელი შევუწყოთ ერთმანეთს იმაში, რომ ჩვენი ერთობლივი წინააღმდეგობით ძალიან მალე ეს რეჟიმი ჩამოვშალოთ, – ამის შესახებ „ლელოს-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს შესაძლებელია 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს.
„ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი დღეს საფრთხეშია ისე, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე იშვიათად ყოფილა. ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორია არ არის მარტივი, ეს არის ძალიან ტურბულენტური, ბევრი ტრაგედიის და ტკივილის ისტორია. იმ მომენტში, როდესაც თითქოს ეს ქვეყანა დადგა სწორ ტრაექტორიაზე, დასავლურ, ეროვნულ, ქრისტიანულ ცივილიზებული სამყაროს ფასეულობებით სახელმწიფოს მშენებლობაზე, ისევ რუსები ეღობებიან საქართველოს და ჩვენი შვილების მომავალს. დღეს ჩვენი მთავარი მისია არის წინააღმდეგობა. ამ წინააღმდეგობაში უნდა ვიაროთ იქითკენ, რომ რაღაც შევცვალოთ. წინააღმდეგობა მოითხოვს ნებისყოფას. საქართველოს მოქალაქეები ასეთ რთულ მომენტში ყოველთვის იჩენენ გასაოცარ ნებისყოფას და ვაჟკაცობას. წინააღმდეგობა არის ყველა ფორმით საჭირო. 4 ოქტომბერს არჩევნები არის წინააღმდეგობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმა. ის ფორმა, მაგალითად, რომლითაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ქართველებმა ხელისუფლება შეცვალეს. არჩევნებს ბევრი ცვლილება მოუტანია ამ ქვეყანაში. თვითმმართველობის არჩევნები ხელისუფლებას არ ცვლის, მაგრამ მნიშვნელოვანი აგურია წინააღმდეგობაში. თვითმმართველობის არჩევნები არის ის მომენტი, როდესაც შენ შეიძლება განგრძობადად არ გიწევდეს ამ პროტესტში ყოფნა, მაგრამ ამ დღეს შენ შეგიძლია მიხვიდე საარჩევნო ყუთთან და დააფიქსირო შენი აზრი ხელისუფლების, საქართველოს გარუსების წინააღმდეგ, ჩვენი ეროვნული იდენტობის დაკარგვის წინააღმდეგ. ხელი შევუწყოთ ერთმანეთს იმაში, რომ ჩვენი ერთობლივი წინააღმდეგობით ძალიან მალე ეს რეჟიმი ჩამოვშალოთ. ამ დღეს ამის გაკეთება შეიძლება. შეიძლება, რომ კალაძეს წავართვათ ეს ქალაქი, შეიძლება ივანიშვილი დავასუსტოთ. ამიტომ, არ უნდა დაგვეზაროს მივიდეთ სარჩევნო ყუთებთან და დღის მეორე ნახევარში გავაკეთოთ ის, რასაც დამატებით სხვას ვთვლით ჩვენ სამოქალაქო ვალად. იქნება ეს აქციაზე მისვლა თუ ამ წინააღმდეგობის კიდევ სხვა ფორმით გაგრძელება. არავის დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სამოქალაქო ვალია მანამ, სანამ ეს ქვეყანა დგას, სანამ საქართველო და ქართული დემოკრატია არსებობს, წავიდეთ არჩევნებზე და ყოველთვის ბიულეტენებში დავაფიქსიროთ წინააღმდეგობა რუსებთან, რუსულ ხელისუფლებასთან და „ქართულ ოცნებასთან“, – განაცხადა დათუნაშვილმა.
