ძალიან კანონზომიერია, რომ „ქართული ოცნება“, როგორც კრემლის სატელიტი, არ ულოცავს გამარჯვებას საქართველოს მეგობარ მაია სანდუს და მოლდოველ ხალხს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
დათუნაშვილმა „ქართულ ოცნებას“, „საქართველოს მოსახლეობისადმი მტრულად განწყობილი“ უწოდა და აღნიშნა, რომ არაფერი არაბუნებრივი არ არის მათ გადაწყვეტილებაში, არ მიულოცონ საქართველოს მეგობარ ქვეყანას დემოკრატიულ არჩევნებში რუსეთის დამარცხება.
„ქოცები“ არიან საქართველოს მტრები. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მტრულად განწყობილი ხალხია საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობისადმი. შესაბამისად, არაფერი არაბუნებრივი არ არის იმაში, რომ საქართველოს მტრები საქართველოს მეგობრებს არ ულოცავენ გამარჯვებას. ამაში უცნაური არაფერი არ არის. ეს ხალხი ემსახურება რუსეთის ინტერესებს, იმ რუსეთის ინტერესებს, რომელიც დემოკრატიულ არჩევნებში დაამარცხა მაია სანდუმ მოლდოვაში. ისინი იმ რუსების წარმომადგენლები არიან საქართველოში, რომლებიც ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, გვაწამებენ, გვცემენ, გვიჭერენ, შესაბამისად, მათგან სხვა საქციელი მოსალოდნელი არ არის. შესაბამისად, ძალიან კანონზომიერია, რომ „ქართული ოცნება“ როგორც კრემლის სატელიტი, არ ულოცავს გამარჯვებას საქართველოს მეგობარ მაია სანდუს და მოლდოველ ხალხს“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა, რომ დსთ-ს წევრი ქვეყნისთვის მილოცვა გაუჭირდება. კობახიძის თქმით, როდესაც მოლდოვა დსთ-ს დატოვებს, მილოცვის საკითხს კიდევ ერთხელ გადახედავენ. მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების 100%-ის დათვლის შედეგად, 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს მმართველმა „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ“ ხმათა 50.20% დააგროვა და ახალ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა.
