შავი ღრუბელი, რომელიც იკრიბება „ქართული ოცნების“ თავზე, უკვე რეალურ ფორმას იღებს და სეტყვა, რისი ღირსებიც არიან, თავზე დაატყდებათ , – ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოს” წევრმა თაზო დათუნაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ „მეგობარ აქტზე“ საუბრისას განაცხადა.
თაზო დათუნაშვილის თქმით, იმას, რომ 160 დღის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები რუსთაველზე იცავენ თავისუფლებას, გამოძახილი აქვს ვაშინგტონში.
„ლამის პირველყოფილი ბოლშევიკებისთვის დამახასიათებელ ტერმინებზე გადავიდნენ – ანგლოსაქსებს, მასონებს და ათას უბედურებას უწოდებენ აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს. ამ რეჟიმზე არიან გადასული, რადგან მიხვდნენ, რომ იმდენად მძიმე იყო ის შემადგენლობა, რომელმაც ხმა მისცა და როგორიც იყო კენჭისყრა და ეს დოკუმენტი გავიდა ისეთი, როგორიც გავიდა.
მთავარია ფორმა. ერთია ის, რომ ეს დოკუმენტი იქნა მიღებული და მეორე,როგორ იქნა მიღებული, ორპარტიული და სრული მხარდაჭერით. „მესიჯბოქსი” – ანგლოსაქსები და მტრები, ესეც კი ვერ გამოიყენეს დღეს „ქართული ოცნების“ წევრებმა იმიტომ, რომ მიხვდნენ მძიმე დარტყმა მიიღეს იმ შემადგენლობით, ვინც ხმა მისცა და იმ ტექსტით, რაც „მეგობარ აქტში“ წერია. გამოყარეს წვრილფეხობა, ზარქუა და ბეისბოლის ფედერაციის პრეზიდენტი ბოჟაძე და მათ ალაპარაკებენ. ბოჟაძე, რომელიც სამ სიტყვას ვერ გალაგებს, რატომ გამოიყვანეს? იმიტომ, რომ არ უნდათ მოუმზადებელ „მესიჯზე” კალაძე ალაპარაკონ, რადგან გენერალური მდივანია და სისულელეების ლაპარაკისგან დაზიანდება.
ჩვენ არ გვქონია დღეს განსაკუთრებული ზეიმი,უბრალოდ ჩვენ გვესმის, რომ ის, რაც უნდა მომხდარიყო, მოხდა. ის, რომ 160 დღის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები იცავენ ჩვენს თავისუფლებას და რეალურ სუვერენიტეტს, ეს არ ხდება მხოლოდ რუსთაველზე, ამას აქვს გამოძახილი ვაშინგტონში, ლონდონში და ძალიან მალე ექნება ბერლინშიც. შავი ღრუბელი, რომელიც იკრიბება „ქართული ოცნების“ თავზე, უკვე რეალურ ფორმას იღებს და ის სეტყვა თავზე დაატყდებათ, რისი ღირსებიც არიან“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
