„ქართული ოცნება“ მანიპულირებს ნომინალური მონაცემებით და არ ითვალისწინებს ფასების ზრდას, ანუ ინფლაციას, რითაც შეცდომაში შეჰყავს მოსახლეობა. ასევე მანიპულირებს შერჩეული პერიოდებით, რომლებსაც შესადარებლად განიხილავს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მაგალითად „ქართული ოცნება“ აღნიშნავს, რომ 2012 წლისთვის საშუალო ხელფასი ქვეყანაში იყო 712.5 ლარი, რომელიც დღეისთვის გაზრდილია 2005 ლარამდე, ამ დროს ინფლაცია ამ პერიოდზე გაზრდილია 66.4% ით და რეალური მაჩვენებლით დღევანდელი საშუალო ხელფასია 1205 ლარი.
„ასეთი ნელი ზრდა 12 წლის განმავლობაში მიუთითებს ეკონომიკის არაინკლუზიურობას.
2024 წლის თებერვალში საქსტატმა შეცვალა მშპ-ს გაანგარიშების მეთოდოლოგია, რომლის შესაბამისად გადაანგარიშებული მონაცემები არსებითად უფრო მაღალია. ამ მხრივაც მშპ-ს შედარება წინა წლების შედეგებთან თვალთმაქცობაა. მეთოდოლოგიის ცვლილების შედეგად გადაანგარიშებული ახალი მონაცემები დაახლოებით 28 პროცენტით უფრო მაღალია. რეალური მშპ-ს კონტექსტში ზრდა არ არის იმ ტემპის, როგორსაც „ქართული ოცნება“ წარმოაჩენს. ასევე არ განაპირობებს არსებულ ზრდას სტრუქტურული ან თვისობრივი ცვლილებები ეკონომიკაში. სინამდვილეში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სამწუხარო გარემოება, რომელმაც გამოიწვია ეკონომიკური ზრდა, არის რუსეთ – უკრაინის ომის შედეგად დაწყებული მიგრაცია საქართველოში. ამ მიგრაციამ იმოქმედა მოთხოვნა მიწოდებაზე ეკონომიკის ძალიან ბევრ სექტორში (უძრავი ქონება, ვაჭრობა, ტურიზმი), მაგრამ, ეს ფაქტორი არ არის მდგრადი და ვერ იქნება გამოყენებული ეკონომიკური ზრდის სამომავლო პროგნოზისთვის, რომელსაც „ქართული ოცნება“ გვისახავს 2028 წლისთვის, განსაკუთრებით პოლიტიკური ვექტორის ცვლილების ფონზე“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
კოალიციის წევრის, მარინა გულედანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ არჩევის შემთხვევაში ქვეყანაში არ იქნება პოლიტიკური სტაბილურობა, დაიწყება რეპრესიები, მოხდება მოსახლეობის მასიური გადინება ქვეყნიდან, ევროპული კურსი და ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა ვერ აღდგება „ქართული ოცნების“ მიერ დასავლეთთან უკვე დაზარალებული ურთიერთობების პირობებში.
„სანქციების დაუცველობა ჩვენი ხელისუფლების არაკოოპერირების თვალსაჩინო მაგალითია, რომლის შედეგი ფინანსური ბაზრისთვის ძალიან მძიმე იქნება;
მხარდაჭერა დასავლეთიდან: თუ საქართველოს დასავლელი პარტნიორები ზურგს შეაქცევენ და შეწყდება ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა, ეს უარყოფითად აისახება ზოგადად საინვესტიციო გარემოზე. ეს უარყოფითად აისახება ჩვენი დასავლელი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორების ურთიერთობებზე;
ინვესტიციების მოზიდვა: „ქართული ოცნების“ პირობებში არჩევნების შემდეგ კურსის ცვლილების და გაზრდილი რისკების გამო დასავლური ინვესტიციები ქვეყნიდან გავა და ახალი ინვესტიციების შემოსვლა შეფერხდება;
ლარის კურსი: ქვეყნიდან ინვესტიციების გასვლა უარყოფითად იმოქმედებს ლარის კურსზე;
საპროცენტო განაკვეთები: ჩვენს ფინანსურ სექტორს გაუძვირდება კაპიტალის მოზიდვა. შესაბამისად სასესხო პროცენტები გაიზრდება, რაც უარყოფითად აისახება ეკონომიკური ზრდის ტემპზე;
მდგრადი, ინკლუზიური და მწვანე განვითარების პოლიტიკა: „ქართული ოცნების“ პირობებში სტრუქტურული ცვლილებები ეკონომიკაში არ ხორციელდება და ვერ განხორციელდება, სხვა მიზეზთა შორის, ასევე ნეპოტიზმის, კორუფციის და საჯარო სექტორში და შესაბამის პოზიციებზე არასათანადო კადრების დასაქმების გამო. ეკონომიკური მაჩვენებლები ასევე ადასტურებს რომ აქამდე არსებული ზრდა არ არის ინკლუზიური და არ არის მიმართული თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე.
სამუშაო ადგილები: მიმდინარეობს მასიური გადინება და მიგრაცია ჩვენი მოსახლეობის უმუშევრობის გამო“, – განაცხადა მარინა გულედანმა.