ივანიშვილი საკუთარი თავისა და ფინანსების უსაფრთხოების გარანტიას ვერ ადგენს, საკუთარი უსაფრთხოების შიში აქვს, სახლიდან ვერ გამოდის და ჩვენი უსაფრთხოება უნდა დაიცვას? – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
დათუნაშვილის თქმით, მშვიდობა რუსეთთან ერთად შეუძლებელია, რადგან საქართველოში მშვიდობის მთავარი მტერი სწორედ რუსეთია, ამიტომ ერთადერთი უსაფრთხოების გარანტია ქვეყნის დასავლური კურსია.
„საქართველო არ არის იმ მასშტაბის პრობლემა გეოპოლიტიკურ თამაშში, იმ მასშტაბის მდგენელი, რომ ამხელა ყურადღება მიაქციოს თუნდაც მაგ [„ქართული ოცნების“] პროპაგანდაში „დიფ სტეიტმა“. არავის არ სჯერა, რომ არსებობს რაღაც მსოფლიო მმართველობის სისტემა, რომელიც პაპუაშვილსა და კობახიძეს დაუპირისპირდა.
თქვენ ვერ მეტყვით ერთ ფაქტსაც კი სამყაროს სხვა წერტილში, სადაც ევროკავშირი ან შეერთებული შტატები ვინმეს რუსეთთან ომისკენ უბიძგებს. პაპუაშვილი ნათელი მაგალითი იყო, როცა რაღაც ფრაზა თქვა და მერე საფრთხე იგრძნო, მაგალითად, შეერთებულ შტატებში რამდენიმე სტატიაში დაიწერა. მიხვდა, რომ შეიძლებოდა თეთრი სახლის ყურადღების ცენტრში მოხვედრილიყო და უკან დაიხია, [აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი] მუშტებს მიბრახუნებდა და ომში ჩათრევისკენ კი არ მომიწოდებდაო, კეთილსა და ბნელ მხარეს შორის აირჩიეო, თქვა. ნათელსა და ბნელს შორის მხოლოდ იდიოტი ირჩევს ბნელს, ან ბოროტი უნდა იყო ან იდიოტი და ვერ არჩევდე ბნელს.
ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მთავარი ქვაკუთხედი არ არის რაღაც სურვილები და ემოციები. ჩვენი ურთიერთობების ქვაკუთხედი დაფუძნებულია ძალიან პრაგმატულ ამბავზე. ეს პრაგმატული ამბავი არის საქართველოში უსაფრთხოების გარანტიების არსებობა იმისთვის, რომ ჩვენი ერთადერთი რეალური მტერი, რუსეთი არ დაგვესხას თავს, ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ქვეყანა იყოს უსაფრთხოდ და ამის გარანტიაა შეერთებული შტატები და ევროკავშირი, ყველაზე კარგი გარანტია, რაც ბუნებაში არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ივანიშვილის პერსონაზე დაფუძნებულ უსაფრთხოების გარანტიას ცალსახად სჯობია იმიტომ, რომ ივანიშვილი, და ამას თავადაც ამბობს, საკუთარი თავისა და ფინანსების უსაფრთხოების გარანტიას ვერ ადგენს, საკუთარი უსაფრთხოების შიში აქვს და სახლიდან ვერ გამოდის და ჩვენი უსაფრთხოება უნდა დაიცვას?
მას შემდეგ, რაც რუსული კანონი მიიღეს, შეზღუდეს ყველანაირი რესურსი და საშუალება იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში შენს მოქალაქეებს ელაპარაკო, რატომ არის კარგი დასავლეთი. საქართველოში ვეღარ ოპერირებს ვერცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ან „ენჯეო“, რომელიც ამას პოზიციონირებდა და პირიქით, ხელისუფლება საქართველოსთვის მოღალატეობრივი საქმით არის დაკავებული და აშავებს საქართველოს ერთადერთ სწორ მომავალს, შესაბამისად, ეს შედეგს გამოიღებს, ამიტომ ამას უნდა ვებრძოლოთ ყოველთვის იმ ადამიანებმა, ვისაც გვესმის, სად არის მთავარი და მთავარი არის იქ, რომ მშვიდობა რუსეთთან ერთად შეუძლებელია. არსებობს რაღაც ფაქტები, რასაც ვერ გაექცევი – საქართველოში მშვიდობის მთავარი მტერი არის რუსეთი. საქართველოში მშვიდობის დამზღვევი ერთადერთი საშუალება არის უსაფრთხოების გარანტიები, რომელიც მოდის დასავლეთიდან“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.




