თაზო დათუნაშვილი მათე დევიძის განაჩენის დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საკუთარი საჩივრის თაობაზე თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი 12 ივნისს, სასამართლოში მომხდარი ფაქტის გამო გამომძიებლებმა თბილისის პროკურატურაში დაიბარეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას კოალიცია ავრცელებს.
დათუნაშვილის განცხადებით, ის სასამართლოს მანდატურების მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა.
„ძლიერი საქართველოს“ ინფორმაციით, საქმე ეხება მათე დევიძის სასამართლო პროცესის შემდეგ მომხდარ ფაქტს, „როდესაც დათუნაშვილს რამდენიმე მანდატური თავს დაესხა, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სასამართლოს სარდაფში რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყავდათ გამოკეტილი“.
„ჩემი საჩივრის საფუძველზე მოვედი გამოკითხვაზე, საქმე ეხება მათე დევიძის განაჩენის დღეს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც თავს დამესხა მანდატურის სამსახური, რომელიც არის ივანიშვილის კარზე ახლად ფორმირებული ზონდერ დაჯგუფება, რომელიც ყოველ დღე მოქალაქეებზე ძალადობს სასამართლოში. ჩემ შემთხვევაშიც ასე იყო. დამაკავეს აბსოლუტურად უკანონოდ და იძალადეს, მე არ მაქვს ილუზია, რომ გამოძიება სწორად წარიმართება, ამის მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენ ვიჩივლეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, ახლა კი, გამოკითხვაზე პროკურატურაში მოვედი, უბრალოდ, მე ვცემ პატივს ამ ქვეყნის ინსტიტუტებს და მე მჯერა ამ სახელმწიფოსი, როდესაც ის გათავისუფლდება ივანიშვილისგან“, – განაცხადა დათუნაშვილმა.
კოალიციის ინფორმაციის მიხედვით, გამოკითხვის შემდეგ გახდება ცნობილი, დაკმაყოფილდება თუ არა იურისტების მოთხოვნა, რომ აღნიშნულ საქმეზე სამსახურებრივ უფლებამოსილების გადამეტების მუხლით იყოს გამოძიება დაწყებული.