ივანიშვილის პროვინციული ავტოკრატია ამ ქვეყანას და ჩვენს თანამოქალაქეებს გარდაუვალი უფსკრულისკენ მიაქანებს – დიდი ალბათობით, 2025 წლის მეორე კვარტლიდან საშიში ეკონომიკური ტენდენციებია მოსალოდნელი, თანაც იმ პერსპექტივით, რომ მთელი ქართული სახელისუფლებო „პლასტი“ და ოლიგარქატის წევრი ბიზნესმენებიც დამატებით სანქციების ქვეშ მოყოლის რისკით ცხოვრობენ , – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ამ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს, რაც ახალი არჩევნებია“.
„საქართველოში ეკონომიკური დაღმასვლის პირველადი ხილული და ძალიან სახიფათო ინდიკატორები გააქტიურდა, რაც საშუალო ვადაში, სავალალო შედეგების მომტანი შეიძლება იყოს. ეს რისკები არნახულად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა დამოუკიდებლობა დაკარგა და აგრეთვე, უმაღლესი თანამდებობის პირები აშშ-ს და სხვა განვითარებული ქვეყნების სანქციების სიაში მოხვდნენ.
კონკრეტულად კი ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ ფაქტორებს:
ისტორიულ მინიმუმზეა დაყვანილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება. 2024 წელს, არასრული მონაცემებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 14 წლის ისტორიულ მინიმუმზეა. თუ არ ჩავთვლით კოვიდ პანდემიას. საქართველოში არც ახალი ინვესტიცია არ შემოდის და ფაქტობრივად, არც რეინვესტირება აღარ იზრდება.
ქვეყანაში თვალს ვადევნებთ მოხმარების მკვეთრ შემცირებას, რაც განპირობებულია პოლიტიკური კრიზისით და კორუფციულ-ავტოკრატიული გარემოთი. საქართველოს მოქალაქეები უფრთხილდებიან პირად დანაზოგებს და არ ხარჯავენ ფულს.
უძრავი ქონების ბაზარზე მკვეთრი ვარდნაა გაყიდვების კუთხით, უკვე ნახევარ წელზე მეტია, რაც ასევე, კრიზისის პირველადი სიმპტომია.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, შემოსავლების სამსახურმა 1% ნაკლები დღგ აკრიფა. დამატებითი ღირებულების გადასახადში ეს შემცირება რეცესიის კლასიკური სიმპტომია, მაშინ, როცა ნომინალური ეკონომიკური ზრდა 9,6%-ს შეადგენდა.
უცვლელი რჩება რეფინანსირების განაკვეთი და ზოგადად, ეროვნული ბანკის რეპუტაცია უბრალოდ ჩამონგრეულია. „გლობალ ფაინენსმა“ თურნავა შეაფასა როგორც ყველაზე ცუდი ცენტრალური ბანკის მმართველი ევროპაში.
ამ და სხვა ფაქტორებს ემატება მკვეთრი კლება რუსეთიდან შემოსულ ფულად გზავნილებში. 2024 წელს ეს გზავნილები 65% შემცირდა და 541 მილიონი შეადგინა, მაშინ, როცა 2022 წელს რუსეთიდან 2 მილიარდი შემოვიდა, ხოლო 2023 წელს 1,5 მილიარდი. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დროებითი ეფექტი, რომელსაც კიდევ ეჭირა ეკონომიკა, აგრეთვე დასრულდა და ჩამოიშალა.
მთავარი კითხვა არის, როგორ ცხოვრობს ხალხი 12 წლის რეჟიმის ბოლოს, უკეთ თუ უარესად?
ივანიშვილის პროვინციული ავტოკრატია მიაქანებს ამ ქვეყანას და ჩვენს თანამოქალაქეებს გარდაუვალი უფსკრულისკენ. დიდი ალბათობით, 2025 წლის მეორე კვარტლიდან საშიში ეკონომიკური ტენდენციებია მოსალოდნელი, თანაც იმ პერსპექტივით, რომ მთელი ქართული სახელისუფლებო პლასტი და ოლიგარქატის წევრი ბიზნესმენებიც დამატებით სანქციების ქვეშ მოყოლის რისკით ცხოვრობენ. ამ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს, ახალი არჩევნები!“, – განაცხადა დათუნაშვილმა.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/gwp-m9aOCd-300x192.jpeg)