თუ ვინმეს ვენის კონვენციის დარღვევას აბრალებენ, იმდენი შნო გამოიჩინონ და ვაჟკაცობა ეყოთ, რომ ეს რეალურად დაადასტურონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველა ჯერზე იქნება ბინძური პროპაგანდა, – ასე ეხმაურება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩების დაბარების საკითხს.
როგორც თაზო დათუნაშვილმა აღნიშნა, ელჩების ვენის კონვენციის დარღვევაში დადანაშაულება მძიმე პოლიტიკური განაცხადია, რომელიც ეხება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს და დიპლომატიურ საქმიანობას ზოგადად ამ ქვეყანაში.
„როდესაც საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო, არარაობა წარმომადგენლები აბრალებენ ვენის კონვენციის დარღვევას საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, ეს არის ძალიან მძიმე დარღვევა, რომელსაც სჭირდება კონკრეტული მტკიცებულებები, სხვა შემთხვევაში, ეს არის ბინძური პროპაგანდა და პოლიტიკური ხრიკი, რომელიც გათვლილია იმისთვის, რომ რუსულ ხელისუფლებას მოსკოვში და აქ, რაღაც რუსულ სინდიკატს საქართველოში, პროპაგანდისტულად სალაპარაკო ჰქონდეს, რომ დასავლეთი არის საქართველოს მოქალაქეების მტერი. დასავლური სახელმწიფოები, რომელთა ელჩებსაც ახლა იბარებენ, საქართველოს მოქალაქეებისთვის დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე, 30 წლის განმავლობაში, იმდენ სიკეთეს აკეთებდნენ, რომ ერთი მხრივ, შეიძლება დაითვალოს მილიონობით და მილიარდობით დოლარში და აგრეთვე, დაითვალოს კონკრეტულ ქართულ ოჯახებზე გაკეთებული სიკეთეებით, ეს იქნება საგანმანათლებლო, სოციალურ, პროფესიული განვითარების სფეროში, თუ სხვა მიმართულებით. აბსოლუტურად ყველა სფეროს ეხმარებოდნენ, იქნებოდა ეს გერმანია, საფრანგეთი, აშშ და ზოგადად ევროკავშირი. შესაბამისად, თუ ვინმეს ვენის კონვენციის დარღვევას აბრალებენ, იმდენი შნო გამოიჩინონ და იმდენი ვაჟკაცობა ეყოთ, რომ ეს რეალურად დაადასტურონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველა ჯერზე იქნება ბინძური პროპაგანდა, რომელსაც ხან ერთი პირუტყვი გააჟღერებს, ხან მეორე პირუტყვი გააჟღერებს, არავითარი შინაარსი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შალვა პაპუაშვილის ან მსგავსი, რომელიმე სხვა პოლიტიკურ არსების ხრწნას დავინახავთ. მეტი შინაარსი ამას არ აქვს, როდესაც მტკიცებულებების გარეშე აღვირახსნილად ლაპარაკობ ვენის კონვენციის დარღვევაზე. ეს არის ძალიან მძიმე და მნიშვნელოვან ფაქტებთან ბავშვური თამაში“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
ამასთან, მან ისაუბრა ლუქსემბურგის მინისტერიალზე საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის არ მიწვევის საკითხზეც.
„მაკა ბოჭორიშვილი არის სახე-ხატი ქართული თანამედროვე იზოლაციონიზმის, „ოცნების“ თანამედროვე იზოლაციონიზმის. შავრაზმული და შეზღუდული აზროვნების პოლიტიკის სახე-ხატი არის მაკა ბოჭორიშვილი მთელი თავისი არსებით. საკუთარ სახლში არ დაპატიჟებენ, ძალიან მალე, ისეთი ანტიქართული საქმიანობით არის დაკავებული და მითუმეტეს, არც მინისტერიალზე და არცერთ დიდი შეკრებებზე, სადაც ცივილიზებული სამყარო იკრიბება და განიხილავს ერთობლივ საქმიანობას, მაკა ბოჭორიშვილის ადგილი არ არის“, – განაცხადა დათუნაშვილმა.
