სწორად არ მიგვაჩნია ამ საკითხზე ხატზე დაფიცება, ეს უკვე უცნაურ პირობაში ცხოვრებაა და ჩვენ ეს არ გვინდა, – ასე პასუხობს “ლელო – ძლიერი საქართველოს” წევრი თაზო დათუნაშვილი კითხვას, რატომ არ ამბობს „ლელო“ თავის პოზიციას იმის შესახებ, მიიღებს თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში.
როგორც თაზო დათუნაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, ხუთი თვის შემდეგ რომელიმე პარტია მიიღებს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ეს დამოკიდებულია გარემოებებზე და არა „ხატზე დაფიცებაზე“.
„ძალიან მარტივი პოზიცია გვაქვს, ის, თუ ხუთი თვის შემდეგ როგორი ვითარება იქნება ქვეყანაში და ვინ რაში მიიღებს მონაწილეობას, ეს არ არის დამოკიდებული ხატზე დაფიცებაზე, ერთმანეთის დამუნათებაზე, ეს არის დამოკიდებული გარემოებებზე.
პროტესტი კიდევ უფრო განგრძობადი უნდა იყოს, კიდევ უფრო ხალხმრავალი უნდა იყოს და კიდევ უფრო მწვავე უნდა იყოს. ამის პარალელურად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო წნეხიც გაძლიერდეს. ამ საკითხებში, რას აკეთებენ პოლიტიკური პარტიები, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ ხომ “დელფოს სამისნო” არ ვართ, მომავლის ჭვრეტა ჩვენი ძირითადი ფუნქცია ხომ არ არის, ჩვენი ფუნქცია არის მოქმედება, დღეს რას ვაკეთებთ, როგორ ვმოქმედებთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ იმ მთავარ მიზნებს, რასაც მივყავართ რეჟიმის ჩამოშლამდე. ახალი არჩევნები იქნება მაშინ, როცა რეჟიმი იქნება სუსტი და ჩამოიშლება, ამისთვის ახლა რას ვაკეთებთ?
ყველაზე ფასეული, რაც დღეს შეუძლია პოლიტიკურ სპექტრს, არის ის, რომ რაღაცაზე დაიფიცოს? არ მგონია ასე, არავის არ აინტერესებს ჩვენი დაფიცება. არ არის ეს პრინციპული საკითხი. დღეს უნდა ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ საერთაშორისო წნეხი იყოს კიდევ უფრო მძლავრი და პროტესტი გადავიდეს ახალ საფეხურზე“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
