თაზო დათუნაშვილი – ერთი მაგიდის გარშემო უნდა დავსხდეთ, შეიძლება ჩვენი გზები და სტრატეგიები ისევ განსხვავებული დარჩეს, როცა იმ მაგიდიდან ავდგებით და არის შანსი, რომ ისევ ვერ შევთანხმდეთ, ოღონდ საუბარი აუცილებელია

მგონია, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მუქარის ენა არ იმუშავებს. მათთან ურთიერთობის ყველა პოლიტიკური ფორმა დასრულებულია. ესენი არიან მზად, მთელი საქართველო, საქართველოს ოთხი მილიონივე მოქალაქე დააყენონ უფსკრულის პირას და გადაჩეხონ – ქვეყანა აქციეს რუსული საღორის ალგორითმად, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმის სტატუსი.
როგორც დათუნაშვილმა აღნიშნა, „მძიმე დღე არა „ქართულ ოცნებას“, არამედ საქართველოს მოქალაქეებს დაუდგა“.
„სამწუხაროდ, მივედით იმ ზღვარზე, როცა ცოტა ფუნდამენტური ახსნა სჭირდება იმას, სად ვართ და რა წერტილში მოვედით. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რაც გულით მეც თქვენც, ამ ქვეყნის მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას გენეტიკურ კოდად გვქონდა, დასავლეთისკენ სიარული. დღეს ხელისუფლებაში გვყავს სამშობლოს მტრები, რომლებიც მასირებული, ისტერიული პროპაგანდისტული შეტევით ცდილობენ დაგვინგრიონ მომავალი.
საქართველოს მოქალაქეების გარდა საქართველოს ბედი დედამიწის ზურგზე არავის აინტერესებს, მითუმეტეს ის, რომ საქართველოს მოქალაქეების ბედი სწორად განვითარდეს. გვყავს მტერი, , რომელსაც უნდა, რომ ჩვენ აღარ ვარსებობდეთ როგორც ქვეყანა და ვიყოთ ისევ კოლონია და არსებობენ ჩვენი მეგობრები, რომლებიც ჩვენ მისწრაფებას, რომ საქართველოს მომავალი ყოფილიყო ევროპული, დასავლური, ეხმარებოდნენ. პასუხი „ქართული ოცნებისგან“ ის კი არაა, რომ რაღაც გვაქვს შესაცვლელი, შერიგება, დალაპარაკებაა საჭირო, ეროვნული ერთობაა საჭირო, ამას კი არ ამბობენ, გუშინდელი დღიდან ადგნენ და ლაპარაკობენ, რომ ბოლო ინსტრუმენტი დარჩათ შანტაჟისო. არავის აინტერესებს ჩვენი შანტაჟი! საშანტაჟო არაფერია! არ უნდა საქართველოს იყოს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი? – იტყვის ჩვენი დასავლელი პარტნიორი, რომ ჯანდაბამდე გზა ჰქონიაო, ამით დამთავრდება ბოლოს. არ არსებობს „დიფ სთეითი“, რეპტილოიდები, დედამიწის რაღაც სხვა კონსპირაციული მმართველები, რომელსაც აქვს სურვილი, რომ „ქართული ოცნება“ დაამარცხოს, ქართველი ადამიანი გადააგვარონ და ამ უბედურებაში წაგვიყვანონ. ეს არის ტყუილი. აქამდე რიტორიკული თამაში, ევროპა ცუდია, „ქართული ოცნებისგან“ მომდინარე ბინძური თამაში გარდაიქმნა კოშმარულ რეალობად. ამ ბინძურმა თამაშმა მიგვიყვანა წერტილში, სადაც ჩვენმა პარტნიორებმა ხელი აიღეს ჩვენთან ურთიერთობაზე, თქვეს, რომ საქართველო აღარ არის სანდო. ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვილაპარაკოთ, რომ „ქართულ ოცნებას“ დაუდგა მძიმე დღე, მაგრამ ამ შემთხვევაში, როცა საუბარია ასეთ უკუსვლაზე, არ იქნება სწორი და მართალი, რომ ვთქვათ, „ქართულ ოცნებას“ დაუდგა, ჩვენ დაგვიდგა. ბევრი რამ კი არ აერთიანეს საქართველოს მოქალაქეების 80%-ს, აერთიანებს იდეა, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი და ევროკავშირის წევრი. ეს აერთიანებდა საქართველოს მოქალაქეების 80%-ს. ამის წინააღმდეგ, რომ წახვიდე, ასეთი ელექტრულად არასწორი რაღაც აკეთო, თან ამაში მოიშველიო საბჭოთა, რუსული პროპაგანდის მეთოდი, ამას თუ მიზანმიმართულად არ აკეთებ, აბა, რატომ უნდა გააკეთო? ხომ სიგიჟეა იმის დაჯერება, რომ ბრიუსელი გაფუჭდა? რა გაფუჭდა შე ოჯახაშენებულო?! საკუთარ თავს გადახედონ, პარლამენტში რომ სხედან. სად გაფუჭდა, რა გაფუჭდა, რა ბრიუსელი დეგრადირდა, რა ჩამოიქცა. ჩამოქცევის პირას არიან, საღორე აქვთ მოწყობილი ქვეყნიდან. პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, ყველა მინისტრი იყო ჩართული მასშტაბური კორუფციის სქემაში. ჩვეულებრივი კრიმინალები და ბანდიტები არიან. არარაობები, მაფიოზები, რომლებიც მართავენ ქვეყანას და ბრიუსელი ჩამოიქცაო იძახიან.
ევროპაში ფეხებზე ჰკიდიათ საქართველოს შეცვლა. საშუალო სტატისტიკურ ევროპელს და პოლიტიკოს საერთოდ არ აინტერესებს, რა ხდება საქართველოში. არავინ იცის, რა ხდება აქ. ჩვენ თუ მოვუყვებით ამბავს და იგებენ თავისი საელჩოებიდან. არავინ ევროკავშირში არ იცის, რა ხდება საქართველოში. იმიტომ არ იცის, რომ არ აინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს იქ შესვლა. იმიტომ გვინდა იქ, რომ ღირსეული პენსიაა. ადამიანები სიბერეში რომ შედიან და პენსიაზე გადიან, ისე ბერდებიან, რომ მედიკამენტსა და საჭმელს შორის არ ირჩევენ. ევროკავშირის საშუალო ხელფასი საქართველოზე ბევრად უფრო დიდი და ღირსეულია. ადამიანი, რომელიც ქუჩაში ხელგამოშვერილი დგას, ამაზე ღირსების შემლახველი რაა?! ეს უნდა ქართველ ერს, რომ ღირსება ჰქონდეს, ნორმალური პენსია, ნორმალური ხელფასი, ჰქონდეს. ადამიანები არ კვდებოდნენ ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ სამედიცინო სერვისებს ვერ იღებდნენ. იმიტომ, რომ სამსახური დაკარგეს. ღირსეული სოციალური დაცვა რომ ჰქონდეთ. სხვა რამის გამო კი არ უნდა, ლგბტ ფასეულობების გამო კი არ უნდათ?! აი, ამიტომ უნდა ყველაზე მეტ ქართველს ევროპა.
რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხს, [„ქართული ოცნებისთვის“] პრობლემაა, როგორ არ არის პრობლემა. იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ არ არის პრობლემა, ვერ დაეთრევიან, პრობლემაა. შავ დღეში არიან. გამოვა მაკა ბოჭორიშვილი გაღიმებული, გაწელილი სახით, ის ღიმილი რომ შეახმა რამდენიმე წელია სახეზე, გეტყვით, რომ არ აქვს პრობლემა. როგორ არ აქვს? სისხლს ანთხევენ აქეთ -იქით, ისეთი პრობლემა აქვთ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს არ უნდა, რომ ეს გამოაჩინოს, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს სხვა პრობლემა აქვს. არ არის ის კაცი საღ გონებაზე და რუსები მართავენ ამ ქვეყანას. ამიტომ ხდება ეს ყველაფერი. მაგრამ მე მგონია, რომ მათთან მუქარის ენა არ იმუშავებს. „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობის ყველა პოლიტიკური ფორმა დასრულებულია. ეს „ქართულმა ოცნებამ“ გამოიწვია. ციყვი ბორბალს რომ ატრიალებს გალიაში, ამ მდგომარეობაში უნდა ვიყო, რომ ვიფიქრო რომ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ნაბიჯებით რამეს შეაცვლევინებ. ვერ შეაცვლევინებ. ასე უნდა უთხრა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, როგორც გეგონათ, რომ კანდიდატის სტატუსი რამეს შეცვლიდა, ისე არაფერს არ შეცვლის ახლა ეს ყველაფერი. ესენი არიან მზად, მთელი საქართველო, საქართველოს 4 მილიონივე მოქალაქე დააყენონ უფსკრულის პირას და გადაჩეხონ, ამისთვის მზად არიან. ყველაფერზე წამსვლელები არიან. დგანან ყოველდღე, ქოფაკის სახეებით, გამოდიან და ამბობენ, რომ საქართველოს წალეკავს „დიფ სთეითი“. ქვეყანა აქციეს რუსული საღორის ალგორითმად“, – განაცხადა დათუნაშვილმა.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, მან „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის გათავისუფლებაზე და მის პოზიციაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, ზურა ჯაფარიძე მზადაა ყველა პოლიტიკური აქტორს შეხვდეს. დათუნაშვილმა აღნიშნა, რომ „ერთი მაგიდის გარშემო დაჯდომა აუცილებელია“.
„უაზრო გაერთიანებებისთვის არც არასდროს ვიყავით მზად და არც ახლა ვართ მზად. ლაპარაკი როცა არის იმაზე, რომ ერთი მაგიდის გარშემო დავსხდეთ, არასდროს ამაზე უარი არ გვითქვამს. რა თქმა უნდა, უნდა დავსხდეთ ერთი მაგიდის გარშემო. შეიძლება ჩვენი გზები და სტრატეგიები ისევ განსხვავებული დარჩეს, როცა იმ მაგიდიდან ავდგებით. არის შანსი იმის, რომ ვერ შევთანხმდეთ, ოღონდ საუბარი აუცილებელია. ჩემი აზრით, ამაში არის გამოსავალი, რომ რაღაც ძირითად ფუნდამენტურ საკითხებზე უნდა შევჯერდეთ. უპირობო, უაზრო გაერთიანებების არ მჯერა. მიხარია, რომ ზურაბ ჯაფარიძე გარეთაა. მე ვარ მომხრე დიდი ერთიანი ფრონტით დაპირისპირებისა ივანიშვილის რეჟიმთან, იმიტომ, რომ მიმაჩნია ამ დიდ ფრონტში არის ძალა“, – განაცხადა დათუნაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ