თაზო დათუნაშვილი ევროკომისიისთვის გაგზავნილ წერილზე – ჩვენ ვხედავთ ღია წერილებს, არც კი მინდა ვიცოდე, რა წერია არაღია წერილებში – ალბათ, გატენილია სისულელეებით, „დიფ სთეითზე“ დაუსაბუთებელი ბრალდებებით

ეს სერიოზულად არავინ უნდა აღიქვას, მაგრამ მეორე მხრივ, ამას ჰქვია საქართველოს პასუხი ევროკავშირის მიმართ – ეს არ არის უბრალოდ კომიკური ჟანრი ან ვინმეს ფსიქიკური პრობლემა, აქ საქმე გვაქვს სახელმწიფოს ფუნდამენტურ ღალატთან, რომლითაც „ქართული ოცნებაა“ დაკავებული,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „რადიო თავისუფლებას“ მიერ მოპოვებულ, ბრიუსელში საქართველოს ელჩის, ვახტანგ მახარობლიშვილის მიერ ევროკომისიისათვის გაგზავნილ წერილს და შესაბამის ანგარიშს.
დათუნაშვილის თქმით, ვახტანგ მახარობლიშვილი „ივანიშვილის კარზე მორიგი არარაობაა“.
„ვატო მახარობლიშვილი მორიგი არარაობაა ივანიშვილის კარზე, რომელიც ჩრდილშია ამ პროცესში, მაგრამ ძალიან დიდი პერსონალური წვლილი აქვს. აუცილებლად დაისჯება იმ ადამიანთა რიცხვში, რომლებმაც ეს ქვეყანა უკან დახიეს.
რაც შეეხება ეპისტორალურ ჟანრს და წერილებს, რომლებსაც ივანიშვილი, მისი გარემოცვა წერენ, ამ წერილების შინაარსი იმდენად შემაშფოთებელია და იმდენად მძიმე სამედიცინო-ფსიქიატრიულ დიაგნოზს აღწერს, რომელიც დაძრწის ჩვენი ხელისუფლების მაღალი ეშელონების კულუარებში, რომ ამაზე სერიოზულად საუბარი შეუძლებელია. ჩვენ ვხედავთ ღია წერილებს, არც კი მინდა ვიცოდე, რა წერია არაღია წერილებში და ჩვეულებრივ წერილებში, რომლებსაც აგზავნის. ალბათ, გატენილია სისულელეებით, „დიფ სთეითზე“ დაუსაბუთებელი ბრალდებებითა და ა.შ. ეს არავინ სერიოზულად არ უნდა აღიქვას, მაგრამ მეორე მხრივ, ამ პასუხს საქართველოს პასუხი ჰქვია ევროკავშირის მიმართ. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს არ არის უბრალოდ კომიკური ჟანრი ან ვინმეს ფსიქიკური პრობლემა. აქ საქმე გვაქვს სახელმწიფოს ფუნდამენტურ ღალატთან, რომლითაც დაკავებულია „ქართული ოცნება“,- განაცხადა დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ბრიუსელში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროკომისიას 31 აგვისტოს წერილი და შესაბამისი ანგარიში გაუგზავნა, რომელიც ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატი ხელმძღვანელის, ბეატე გმინდერის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, მაკა ბოჭორიშვილისთვის 14 ივლისს გაგზავნილი წერილის პასუხს წარმოადგენს.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, წერილში, მათ შორის, საუბარია „კანონის უზენაესობის უზრუნველყოფაზე“.
გამოცემის ინფორმაციით, „ხუთნაწილიანი ანგარიშის „საგარეო ურთიერთობებისა და ფუნდამენტური უფლებების“ ნაწილში ხელისუფლება ამტკიცებს, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან აგვისტოს ბოლომდე პერიოდში მან: „განახორციელა მთელი რიგი ღონისძიებები სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების, ინფორმაციაზე წვდომის, თანასწორობისა და ინკლუზიურობის დაცვისა და განვითარების, ასევე საზოგადოებრივი წესრიგისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიზნით“.
როგორც „რადიო თავისუფლება“ იუწყება, წერილის ავტორები საუბრობენ ქვეყანაში „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონის“, „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ და ასევე, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მიღების „საჭიროებაზეც“.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციითვე, ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენელმა, რომელიც ამ საკითხზე ანონიმურობის დაცვის პირობით გაესაუბრა გამოცემას, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წერილი კი გაგზავნა, მაგრამ „პასუხები დაუსაბუთებელია“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოსგან მეორე ფრონტის გახნას, ამას ადასტურებს დამატებით პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება

ირაკლი კობახიძე – ვნახეთ სახედაკარგული „ნაცი“ „ორკები“, რომლებიც გუშინ ატარებდნენ აქციას – მზად ვართ, ამ ადამიანებს ყველანაირი დახმარება გავუწიოთ მკურნალობის ჩათვლით, თუ ამ ყველაფერს დაექვემდებარებიან