თაზო დათუნაშვილი – დასავლელმა პარტნიორებმა საქართველოზე, გარკვეულწილად, ყურადღება მოადუნეს – მათი იმედგაცრუების მიზეზი ხელისუფლებაა

ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა საქართველოზე, გარკვეულწილად, ყურადღება მოადუნეს, – ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოს” წევრმა, თაზო დათუნაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
მისივე თქმით, დასავლელ პარტნიორებს იმ პოლიტიკურ პროცესებში, რომელშიც პირდაპირ იყვნენ ჩართულნი, ბევრი იმედგაცრუება შეხვდათ.
“ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა საქართველოზე, გარკვეულწილად, ყურადღება მოადუნეს, რადგან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ძალიან ბევრი იმედგაცრუება შეხვდათ იმ პოლიტიკურ პროცესებში, რომელშიც ძალიან ღიად და პირდაპირ ჩაერთნენ, იგივე, შარლ მიშელის შეთანხმებიდან დაწყებული. ამიტომ ამის არაღიარება და თვალის დახუჭვა დათვური სამსახურის გაწევა არის “ქართული ოცნებისთვის”. პირველ რიგში, ხელისუფლებაა იმედგაცრუების მიზეზი დასავლეთის მხრიდან – ის, რომ საქართველოში უკვე 13 წელია, არსებობს ხელისუფლება, რომელიც ღიად მიდის სხვა მიმართულებით და უკანასკნელ 2-3 წელიწადში “ქართულმა ოცნებამ” საქართველო გახადა ერთ-ერთი ბასტიონი პუტინის ჰიბრიდული ომის. საქართველოს ხელისუფლება გახდა ერთ-ერთი დასავლური ფასეულობების და, კონკრეტულად, ევროკავშირისა და ევროპის მთავარი მაგინებელი“, – განაცხადა დათუნაშვილმა.
დათუნაშვილმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მართვის სტილზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობისას „ქართული ოცნება“ ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას ახდენს.
როდესაც ხელისუფლებამ რეალური პროტესტი დაინახა, როდესაც მან რეალური წინააღმდეგობა დაინახა, რომელიც ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის, ეს ხალხი უკვე ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობს და ამისთვის აკეთებს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას.
ახლა უწონადობის მდგომარეობაშია – მას ესმის, რომ ელექტორალური საყრდენი არ აქვს, ამიტომ მან აიღო ის მეთოდი, რა მეთოდიც მოდის მონღოლური ურდოდან დაწყებული.
საქართველოში ამაზე უარესი ხალხი მოგვიშორებია, ამაზე ბევრად უფრო ბინძური, ბევრად უფრო ფესვებგამდგარი რეჟიმი, რომელსაც ერქვა კომუნისტური ტოტალიტარიზმი – ის მოიშორა ქართველმა ხალხმა, იმას არ შეეგუა. ქართულმა ორგანიზმმა ანტისხეული გამოიმუშავა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ”, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.