ჩეჩნოკრატიაში, კადიროვშინაში ეკონომიკური თავისუფლება ვერ მოიკიდებს ფეხს, საქართველოში ეკონომიკური თავისუფლება არ არსებობს , – ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოს” წევრმა თაზო დათუნაშვილმა ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
დათუნაშვილის შეფასებით, ქვეყანაში მთავარი ფულის წყარო კორუფციაა და ეკონომიკის ახალი მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი ამ ყველაფერს ვერ გააკონტროლებს.
“რომეო მიქაუტაძის სკანდალი იქნება გამოყენებული ყველა წახნაგითა და კუთხით, ალბათ, რაც კობახიძეს დასჭირდება იმისთვის, რომ თავისი ხალხით შეავსოს ადგილები. არსად მრჩევლად არ გადავიდა ბატონი დავითაშვილი და ვერაფერს იმაზე უკეთესს მრჩევლობის პოზიციიდან ვერ გააკეთებს ქართული ეკონომიკისთვის, რასაც ვერ აკეთებდა ეკონომიკის მინისტრის პოზიციიდან. ეს ყველაფერი საბჭოთა ტრადიციის თვალთმაქცობაა.
მარიამ ქვრივიშვილის კომპეტენციაში შემიძლია სიღრმისეული ეჭვი შევიტანო და მის შესაძლებლობაში, რომ ეს ქვეყანა და მისი ბიზნეს-ეკონომიკური გარემო შეიძლება რაიმე ფორმით დააბრუნოს რაიმე ნორმალურ რელსებზე.
ჩეჩნოკრატიაში, კადიროვშინაში ეკონომიკური თავისუფლება ვერ მოიკიდებს ფეხს, საქართველოში ეკონომიკური თავისუფლება არ არსებობს. საქართველოში მთავარი ფულის წყარო გახდა კორუფცია, თაღლითური ქოლ-ცენტრები, ნარკოვაჭრობა და ყველა ის უბედურება, რომელიც რუსეთში სანქცირებული ტვირთის აქეთ-იქეთ ტარებასთან არის დაკავშირებული. მარიამ ქვრივიშვილი კანონიერ ქურდად თუ დაჯდება და ამ ყველაფრის კონტროლით თუ დაკავდება, ამაში ეჭვი მეპარება და ჯანსაღი ეკონომიკა ამ ქვეყანაში აღარ არსებობს”, – აღნიშნა დათუნაშვილმა.
